სოლსბერიში ორი ადამიანი უცნობი ნივთიერებით მოწამლული იპოვეს

ბრიტანული ქალაქ სოლსბერიდან ათ კილომეტრში ორი ადამიანი უცნობი სუბსტანციით მოიწამლა. ამის შესახებ საგრაფო უილშირის პოლიციის პრეს-სამსახური იუწყება.
ამ დროისთვის ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, სახლში, რომელიც ქალაქ ეიმსბერიში მდებარეობს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს დაახლოებით 40 წლის ქალი და მამაკაცი. თავდაპირველად პოლიციამ ივარაუდა, რომ წყვილი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შედეგად იყო უგონოდ, თუმცა გადამოწმების შედეგად ეს არ დადასტურდა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ახლომდებარე პერიმეტრი სამართალდამცველების მიერ არის გადაკეტილი. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის სპიკერმა: „ჩვენი აზრით, რაც დამყარებულია დაზარალებულების რაოდენობაზე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მოქალაქეების დიდ რაოდენობას ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე შეიქმნას. უახლესი ინფორმაციის მიღების შემდეგ გახდება დამატებითი დეტალები ცნობილი.“ ამ დროისთვის სამართალდამცველები იკვლევენ ხომ არ გახდა აღნიშნული მოწამლვა ვინმეს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგი. დაზარალებულები იმყოფებიან სოლბერის საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტში, ამავე ქალაქში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად ასევე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, მათი გადარჩენა მოხერხდა. ინგლისი მათ მოწამვლაში კრემლს ადანაშაულებდა, თუმცა რუსეთის ფედერაცია ბრალდებებს უარყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები