ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი – „ადამიანები მოვიდნენ შეგნებულად, რომ ერთმანეთი დაეჭრათ“

„პირველივე დღეს, დაწვრილებით მოვყევი, რაც დავინახე, იგივე ვთქვი სასამართლოზე და კომისიაზეც. ახალი არც კითხვები ყოფილა კომისიაზე და არც გარემოება“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველმა, დიანა ბოლოთაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვის შესახებ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

„რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც დღემდე არ არსებობდა, მე არ მითქვამს. პირველივე დღეს მივეცი ჩვენება პოლიციაში, შემდეგ უკვე სასამართლო სხდომაზე და დღესაც იგივე დავადასტურე. ახალი გარემოებები არ გამოვლენილა ჩემი მხრიდან. სამწუხაროდ, მე არ დამინახავს ფარდულის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები, ჩემი თვალთახედვის არე იყო უფრო “არკაში” მიმდინარე მოვლენები და ბოლო ეპიზოდი, ლევან დადუნაშვილის დაჭრის მომენტი, რაც მე დავინახე.

სულ ჩხუბში მონაწილე დაახლოებით 15- 20-მდე ახალგაზრდა იყო, „არკაში“ დაახლოებით 10-15 ბიჭი მაინც ჩხუბობდა. ეს იყო რაღაც დიდი ბიჭების გორგალი, რომლებიც გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს. მე ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ეს იყო მუშტი-კრივი, ჩვეულებრივი. უბრალოდ, ბოლოს, როდესაც მე ცივი იარაღის ნაწილი დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ აქ უკვე დანა ფიგურირებდა. მე მხოლოდ ერთი დანა დავინახე, მეტი არა. მე დავინახე უშუალოდ როგორ გამოაძრო დანა ლევან დადუნაშვილს, ვერცხლისფერი აპრიალდა. თითების მონაკვეთი და დანის პირი.

დარტყმის შემდგომი ეპიზოდი დავინახე. რომ გამოაძრო, ლევანი მიხვდა, რომ რაღაც დაემართა, თავი დახარა და აწია მაისური და სისხლი სდიოდა- ეს მომენტი დავინახე. მაგით მივხვდი, რომ დაჭრილი იყო. ჩემი მეუღლე გვიან გამოვიდა ამ ჩხუბის დროს და შებრუნდა უკან, ტელეფონზე პატრულში რომ დაერეკა. მას ასეთი მნიშვნელოვანი მომენტები არ დაუნახავს. ნიკა რომ აივანზე გამოვიდა, მკვლელობა მომხდარი იყო, ლევან დადუნაშვილს ჭრილობა უკვე მიყენებული ჰქონდა. სამწუხაროდ- მე პირველ დღესვე განვაცხადე – ჩემი მზერა გაშტერდა ამ დანაზე და ზემოთ არ ამიხედავს. მახსოვს, რომ ვუყურებდი, ლევანს რა დაემართა და სისხლი რომ წამოუვიდა, მივხვდი, დაჭრილი იყო. შევბრუნდი სახლში, რომ გამოვქცეულიყავი და დამერეკა 112-ში.

იცით, რომ წითელი მანქანა იდგა. ჩხუბის დროს სადარბაზოდან გამოდის საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, არსად არ მიუხედავს, ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა, დაძრა მანქანა და დაუძახა ბიჭებს, რომ გაეტარებინათ. მანქანამ გაიარა და ლევან დადუნაშვილი და ეს ბიჭი ჩემთან ახლოს აღმოჩნდნენ, ამიტომ დავინახე ნათლად. ფაქტია, მანქანამ რომ გაიარა წინ, გაყვნენ ეს ბიჭები, ალბათ. მე ტელეფონი რომ ავიღე, გამოვიქეცი ლევანის საძებნელად. შევედი არკაში და სულ სხვა აღნაგობის ბიჭი იყო მიწაზე განრთხმული. ლევანი არ დამხვდა. გავედი და უკვე სადარბაზოსთან იყო ჩაკეცილი და ხალხი ეხვია თავს. არკაში რომ შევედი, აღარც მანქანა იყო და აღარც ბიჭები.

პირველივე დღეს, დაწვრილებით მოვყევი, რაც დავინახე, იგივე ვთქვი სასამართლოზე და კომისიაზეც. ახალი არც კითხვები ყოფილა კომისიაზე და არც გარემოება. ძალიან მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი, წუთნახევარში. ადამიანები მოვიდნენ შეგნებულად, რომ დაეჭრათ ერთმანეთი. ყველაზე ახლოს ამ ბავშვებთან იყო ამ წითელი მანქანის მძღოლი, რომელსაც შეეძლო, რაღაც რეაგირება მოეხდინა და ეს არ გააკეთა,“ – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველმა, დიანა ბოლოთაშვილმა.

ცნობისათვის, თვითმხილველი დიანა ბოლოთაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მეუღლეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები