მამუკა მდინარაძე: რამდენად ქმედითი და ხელშესახები იქნება ზვიად კუპრავას მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არ ვიცით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზვიად კუპრავას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ ეტაპზე, რამდენად ქმედითი და ხელშესახები იქნება, უცნობია. როგორც მან აღნიშნა, სასურველი იქნებოდა, მისი გამოკითხვა თვითმხილველი მოწმეების და ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვის ამოწურვის შემდეგ მომხდარიყო.

“კუპრავას სურვილზე, რომ ის გამოგვეკითხა, ნახეთ, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. საწინააღმდეგო აზრი ნამდვილად დავაფიქსირეთ, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, რამდენად ქმედითი და ხელშესახები იქნება მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არ ვიცით. ალბათ, სჯობდა, რომ ის გამოკითხულიყო თვითმხილველი მოწმეებისა და ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ რადგან კომისიის წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ის უნდა დავკითხოთ ამ ეტაპზე, კი ბატონო, აქაც რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. რა კითხვები გვექნება, ამას ორშაბათს ნახავთ, წინასწარ ნუ მოვამზადებთ ამ კაცს”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან რეკომენდაციების განხილვის გადადების მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომისიაში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო.

“რეკომენდაციების განხილვა გადაიდო ორშაბათამდე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იყო მათთან დაკავშირებით. მათ შორის, მთავარი საკითხებია, რამდენად შეუძლია, რეგლამენტის მიხედვით, კომისიას, გასცეს რეკომენდაცია არა გამოძიების, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ. ასევე, აკმაყოფილებს თუ არა ის მტკიცებულებები, რაც დღემდეა მოპოვებული, საქმეშია და ჩვენ გამოვიკვლიეთ, სისხლის სამართლებრივ მტკიცების სტანდარტს. ასევე, საკვანძო საკითხია, დღეს არის თუ არა ნაჩქარევი ის გადაწყვეტილება, რომ თვითმხილველი მოწმეებისა და ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვის გარეშე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება კომისიამ. სხვა საკითხები, რომლებიც იქნება სამსჯელო, ორშაბათს შეიძლება მივიდეთ საერთო პოზიციამდე, თუმცა ესეც გაჭირდება, წინასწარ ვამბობ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, კომისიაში უნდა მივიღოთ კონსენსუსის გზით, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს მას”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს შეხვდა.

ცნობისათვის, საუბარია ორი რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთი მხრივ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვნის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე – ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები