სერგი კაპანაძე: რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია, არის მყარი და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს
“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და იმ პროცესზე, რომელიც არის, ასევე, იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემ მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც განხილული უნდა იყოს კომისიაზე”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე რეკომენდაცია სამართლებრივად მყარია და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.
“ჩვენ, დღის წესრიგის მიხედვით, დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ეს რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. ჩვენ კიდევ გვექნება მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში – მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს – სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები, ისევე, როგორც იქნება საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია, არის მყარი, გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მიმაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა გამოძიებას, დღეს იქნებოდა გაცილებით სხვა შედეგი, ვიდრე ის შედეგი, რომელიც ახლა გვაქვს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთი მხრივ, ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვნის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე – ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.