ნიკა ვაჩეიშვილი: ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილას, იყო ხელჩართული ომი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის კიდევ ერთ თვითმხილველს, ნიკა ვაჩეიშვილს, რომელიც წინასწარ გამოძიებისას არავის დაუკითხავს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დაკითხავენ.
დაკითხვის ჩანაწერი კი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილას იყო ხელჩართული ომი. „ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ – მეზობლებს რაც შეგვეძლო, გვინდოდა, ეს ბავშვები ატაცებული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, რაც შეუძლებელი იყო. თითქოს არაფერი ახსოვდათ, ისეთი ჩხუბი იყო. იქ იყო ხელჩართული, ერთიანი, დიდი, დაუნდობელი შეხლა-შემოხლა. შემდეგ ჩვენი აივნიდან ამ ბავშვების დაშოშმინება დავიწყე, რაც ვერ შევძელი. შემდეგ პოლიციაში რეკვა დავიწყე, რომელიც საკმაოდ გაჭირდა. ისევ რომ გამოვედი, უკვე დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა. მერე უკვე სასწრაფოზე გადავერთეთ, რომ ექიმებს მოსვლა შეძლებოდათ. უკვე იქ საცობი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა. მისი თქმით, გამოძიებას ის აქამდე არ გამოუკითხავს და პირველად დღეს, კომისიის სხდომაზე გამოკითხავენ. „დეტალების თაობაზე რაც ვიცით, გამოძიებას მოვუყვებით. მე არ ვიცი, ეს არსებითია, თუ არაარსებითი, მაგრამ საჭიროა, ყველამ, ვინც იქ ესწრებოდა და იმ ვითარებაში შორიახლოს მაინც იყო, ისაუბროს მომხდარზე. როგორც ჩანს, ძალიან რთული საქმეა, ამიტომ თითოეული მათგანის აზრის გათვალისწინება და შთაბეჭდილებისა თუ ფაქტების მოყოლა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავენ. გამოკითხვის პროცესი მედიისთვის დახურული იქნება.