ნიკა ჩიტაძე: მარიონეტულმა რეჟიმებმა რა საპასუხო სიაც არ უნდა შეადგინონ, მას ლეგიტიმაცია არ ექნება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღების ფაქტს დადებითად აფასებს. როგორც ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურადაა ჩართული.
„მიუხედავად იმისა, რომ სია შედარებით დაგვიანებით შედგა (თუ გავითვალისწინებთ, როდის მოხდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი), საერთო ჯამში, მაინც მისასალმებელია ასეთი სიის მიღება. ამასთან, მისასალმებელია ევროპარლამენტის რეზოლუციაც, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტიც. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ამ სიაში შეყვანილი პირები იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწილი რუსეთში. შესაბამისად, რაიმე სადამსჯელო ღონისძიების გატარება ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები უნდა იქნენ მხილებულნი, მათ არ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის წევრ ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩასვლის უფლება“, -განაცხადა ჩიტაძემ.
ამასთან, ჩიტაძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მომზადებული საპასუხო სია უსაფუძვლოა.
„მარიონეტულმა რეჟიმებმა რა საპასუხო სიაც არ უნდა შეადგინონ, მას არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ ექნება“, -აღნიშნა ჩიტაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, პეტრე გასიევის თქმით, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ, დე ფაქტო რეგიონი ე.წ შავ სიას ამზადებს.
“სია აუცილებლად დამტკიცდება და მასში საქართველოს, უკრაინის,ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც შევლენ, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდში მიუძღვით ბრალი, თუნდაც 2008 წლის ომის დროსაც”,- აღნიშნა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები