პაატა ზაქარეიშვილი: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის ძალა პრევენციაშია

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის ძალა არის პრევენციაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის სია ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში უნდა შექმნილიყო.
“ეჭვი მეპარება, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა მოხვდეს უცხოეთში, მით უმეტეს, როცა ეცოდინებათ, რომ ინტერპოლი ეძებს. რუსეთში მათ არ დააპატიმრებენ, – ამაში ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად, მინიმალური შანსებია, რომ ეს ადამიანები დაააპატიმრონ და შემდგომ გადმოგცენ, მაგრამ პრევეციისთვის საჭირო იყო ეს სია, თავის დროზე შემნილიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ათობით ადამიანი იღუპებოდა ყოველ წელს, ასეთი სია, რომ შექმნილიყო, ოთხოზორიაც, ბაშარულიც და ტატუნაშვილიც ცოცხალი იქნებოდნენ. ეცოდინებოდათ რომ ეს არის პრევენციული სია და ყველა მიხვდებოდა, რომ მათ არ გაუვიდოდათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები. დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები “ევროპული საქართველოს“ სახით, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობენ. თავის დროზე რომ ეზრუნათ და ასეთი ტიპის სია გამოექვეყნებინათ, ეს სამი ადამიანი არ იქნებოდა გარდაცვლილი. ამ სიის ძალა არის პრევენციაში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ამ სიაში შესული პირების ბრალეულობის შესახებ, მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს.
„რა არის ამ სიის მინუსი: დავუშვათ, სიის რომელიმე წევრი ინტერპოლმა დააკავა. საქართველომ ინტერპოლს უნდა დაუმტკიცოს, რომ ესა თუ ის პირი რეალურად მკვლელია. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ვერ დაუმტკიცა და ის დაკავებული გაათავისუფლეს, მაშინ ეს სია მიიღებს პირველ სერიოზულ დარტყმას. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ მთავრობის მიერ შედგენილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, ზაქარეიშვილის თქმით, თუ აღნიშნული დადასტურდა, ეს სიის შემდგენლის „დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილია 33 პირი – ადამიანები, რომლებიც ბრალდებული ან უკვე მსჯავრდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, აგრეთვე, ამ დანაშაულთა დაფარვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები