“არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია”

განცხადებას, რომელიც გაკეთდა არარსებული საზღვრის ეგრეთ წოდებულ დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური, არანაირი საფუძველი არ გააჩნია – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს.
მისივე თქმით, საკითხზე გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც იმსჯელეს.
„გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 44-ე რაუნდზე, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა და რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ის, რომ ამას არ მოჰყვეს რაიმე ტიპის ქმედება, რომელიც ცალსახად, რა თქმა უნდა, იქნებოდა პროვოკაციული და გაართულებდა უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ამ მავთულხლართებისა და შეზღუდვების კომისიების ნაცვლად, მართლაც სჯობს, რომ პირველ რიგში იმ სოფლების მოსახლეობას მოვუსმინოთ, როგორიცაა წნელისი, არცევი, იკორთა და სხვა ბევრი დასახელებაც შეიძლება, რომელთა მოსახლეობაც, მათ შორის ოსებიც და ქართველებიც, არიან ურთულეს მდგომარეობაში და ითხოვენ გადაადგილების თავისუფლებას და ამის ნაცვლად, იღებენ მავთულხლართებს. ეს არის მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ სჯობს, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ გამოსავალზე, მით უფრო, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა მნიშვნელოვან და კონკრეტულ ინიციატივებს მოიცავს იმის თაობაზე, რომ მოსახლეობას გავუადვილოთ ისედაც რთული მდგომარეობა და ზოგადად, ვიმოძრაოთ იქითკენ, რომ მოიხსნას დაბრკოლებები, გვქონდეს ქვეყანა, საქართველო მავთულხლართების გარეშე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში შექმნილია ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია, რომლის წევრისა და დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსლან თედეევის თქმით, მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სოფელი წნელისი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში არ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები