„მინდა სხვასაც ზღაპრული თვალით დავანახო ეს სამყარო“…  

ხატვა სკოლიდან შეუყვარდა, ბებიამ შეასწავლა კერვა და ქსოვა.  ხოლო როდესაც დიზაინერის პროფესიას დაეუფლა და სკოლაში დაიწყო მუშაობა, პირველივე გაკვეთილიდან ახალი სამყარო გადაეშალა… ოც წელზე მეტია ხელოვნების პედაგოგია სკოლაში და ამბობს, რომ შემოქმედებითად საინტერესო და განსხვავებულია ყოველი დღე. მეთოჯინეობა კი შარშან დაიწყო, როცა ფოლკლორის ცენტრში ნანახმა  თოჯინების გამოფენამ გადატრიალება მოახდინა მის სულიერ სამყაროში…
უკვე მრავალი საინტერესო თოჯინა შექმნა. ამბობს, რომ  მისი ჰობი მეთოჯინეობაა: „ბედნიერი ვარ და მინდა სხვასაც ზღაპრული თვალით დავანახ ეს სამყარო, გავულამაზო ცხოვრება
26 და 27 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობაში  თოჯინების გამოფენა გაიმართება, სადაც მისი  ორი თოჯინაც იქნება წარმოდგენილი. – ირმა ფრანგიშვილის პერსონა.

– ბავშვობა სამტრედიაში გავატარე. მძიმე და ტრაგიკული იყო ჩემთვის ეს წლები. ერთ წელში გარდამეცვალა და – ძმა. მშობლებმა გამარიდეს ამ გარემოს და ბებიასთან ერთად თბილისში აღმოვჩნდი.
– ხატვის სიყვარული…
ხატვა სკოლაში ხატვის მასწავლებელმა შემაყვარა. ხატვის გარდა ძალიან მაინტერესებდა კერვა და ქსოვა, რომელიც ჩემმა საყვარელმა ბებიამ შემასწავლა. სკოლაში ხუთოსანი ვიყავი, მუსიკალურ სკოლაშიც ვსწავლობდი. თავისუფალ დროს საყვარელი საქმიანობით ვიყავი დაკავებული.
სტუდენტობას რაც შეეხება, ნამდვილად ბედნიერი წლები იყო. ჯერ მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი დავამთავრე წითელ დიპლომზე, შემდეგ – ტექნიკური უნივერსიტეტი და პარალელურად მეორადი ფაკულტეტი დიზაინის განყოფილებით. ბოლო წლები კი არეულობის პერიოდში მოუწია. ომი იყო და …
– ოც წელზე მეტია სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობთ…
– სკოლაში 1997 წლიდან ვარ. პირველად  88 -ე სკოლაში ვმუშაობდი. არასდროს დამავიწყდება პირველი გაკვეთილი. შემიყვარდა ბავშვები და მათთან ურთიერთობა. შემოქმედებითად საინტერესო და განსხვავებულია ყოველი დღე. 2002 წლიდან კი ვმუშაობ 99-ე საჯარო სკოლაში. მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერია მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურება.
– სკოლის ფოიეს თქვენ მიერ გაკეთებული პანოები ამშვენებს…  თოჯინების თეატრიც სკოლაში  თქვენ მიერ დამზადებული თოჯინებისგან დაარსდა…
– სკოლის პანო ერთ-ერთი დამამთავრებელი კლასის ბოლო ზარისთვის შეიქმნა. მასზე მუშაობამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რომლებსაც საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ შემოქმედებით პროცესში და საკუთარი წვლილი შეიტანეს პანოს წარმატებით შექმნაში.ზამთრის პანო კი, საახალწლოდ, საუკეთესო საკლასო ოთახის კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
თოჯინების დამზადება და ინსცენირება ზღაპრის გმირების გაკვეთილზეც გაგვიკეთებია პატარა თეჯირით და მუყაოსგან დამზადებული სათამაშოებით.
აქედან წამოვიდა  თოჯინების სპექტაკლის იდეა,  რისთვისაც შეიქმნა ხელით სათამაშო თოჯინები, თექის სამოსით და მოძრავი დეკორაციები.
რამ გადაგაწყვეტინათ თოჯინების დამზადება?
– შარშან, შემოდგომაზე, ფოლკლორის ცენტრში ვიყავი თოჯინების გამოფენაზე. ამ გამოფენამ გადატრიალება მოახდინა ჩემში. ასე მეგონა, სადღაც ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, სხვადასხვა ხასიათის სხვადასხვა პერსონაჟს რომ ვუყურებდი. გამოფენიდან გამოსვლა აღარ მინდოდა.
იქვე გადავწყვიტე, თუ შესაძლებელი იყო, მესწავლა, ვიკითხე და ქალბატონმა იულია სოროკინამ შეძლო ჩემთვის ამ ოცნების ახდენა. დიდი მადლობა მას.
მრავალი თოჯინა შექმენით… რომელი გიყვართ თავად…
– ჩემი თოჯინები განსხვავებული პერსონაჟებია. მაქვს პორტრეტული თოჯინები: მათე და ფრიდა კალო. ძალიან მიყვარს პირველი ნამუშევარი – ჯამბაზი. საინტერესო პერსონაჟად ვთვლი წითურთმიან გოგონას, რომელსაც სათამაშო გაუფუჭდა და ფიქრობს, რა უშველოს.
–  ვიცი, რომ ცვილით ქმნით თოჯინებს, კიდევ რას იყენებთ?
– მასალა არის ფიმო. სხვა უამრავი რაღაც სჭირდება: სინტიფონი, სადენი, ქსოვილები, მაქმანები და სხვა.
– თქვენი მოსწავლეები…
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში. კონკურსში, ღონისძიებაში და წარმატებებიც აქვთ.
– გვიამბეთ ოჯახზე… შვილებზე… ისინი თუ დაინტერესდნენ თოჯინებით?
ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. ჩემი შვილებიც ხელოვნებას ემსახურებიან. მიხარია, ისინიც იმ საქმეს აკეთებენ, სადაც ბედნიერად გრძნობენ თავს. უყვართ თავიანთი საქმე და ცდილობენ, იყვნენ რეალიზებულები. როდესაც ახალ პერსონაჟს ვქმნი, პირველი შემფასებელი მეუღლე და შვილები არიან. მიყვარს კრიტიკა და დიდი ინტერესით ვუსმენ მათ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ალბათ მაძლიერებს და მზრდის.
ახლახან სკოლაში ფესტივალი ჩატარდა და იქ თოჯინებიც გამოიფინაფესტივალში, რომლის ორგანიზატორიც თქვენი შვილი იყო, აქტიურად იყავით ჩართული
– როგორც ორგანიზატორი სკოლის ხელოვნების პედაგოგი აქტიურად ვიყავი ჩართული მზადების პროცესში. ფესტივალის ფარგლებში დამზადდა დეკორაციები, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა – ასფალტზე ხატვა, პლენერზე ხატვა და სხვა.
სკოლის დირექტორის, ქალბატონი ნინო მესხიშვილის დამსახურებაა, რომ ჩვენი სკოლა გამოირჩევა ღონისძიებების მრავალფეროვნებით.
– სამომავლო გეგმები…
– მეთოჯინეები ნოემბერში მივემგზავრებით პრაღაში  და მონაწილეობას ვღებულობთ საერთაშორისო თოჯინების ფესტივალში…
– ჰობი…
– ჩემი ჰობი მეთოჯინეობააა. ვგრძნობ, რომ ნამდვილად ჩემია. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობების რეალიზება აქ შეიძლება მოხდეს. მე  ბედნიერი ვარ და მინდა სხვასაც ზღაპრული თვალით დავანახო ეს სამყარო და გავულამაზო ცხოვრება. მიყვარხართ…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები