ნინო წილოსანი: სრულებით არარაციონალურია, გახდე ევროკავშირის წევრი და გქონდეს ყველანაირი ვალდებულება, მაგრამ გქონდეს არანაირი უფლება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ევროკავშირის გაფართოებაზე “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„ეს დისკუსიები გაფართოების შესახებ არ არის, რადგან ევროკავშირის გაფართოებას არავინ გეგმავს. თავად მარტა კოსიმ, მის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების შესახებ ფიქრი დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ჩათვალეს, რომ გაფართოებაზე საუბრები იქნებოდა უკრაინელებისთვის გამამხნევებელი და წამახალისებელი. ბევრი საუბრობს ამ თემაზე, უფრო მეტად ფაქტს ასაჯაროებენ.
დღემდე ყველა ეტაპზე ვხედავთ მოცემულობას, რომ გაფართოებაზე საუბარი მათი მხრიდან რეალური არასდროს ყოფილა. საუბარიც რომ იყოს ევროკავშირის გაფართოებაზე, ვხედავთ რამდენად შეურაცხმყოფელი პირობებით შეიძლება იყოს ეს.
სრულებით არარაციონალურია, გახდე ევროკავშირის წევრი და გქონდეს ყველანაირი ვალდებულება, მაგრამ გქონდეს არანაირი უფლება. ზუსტად არანაირ უფლებას უკავშირდება ის, რომ ვეტოს უფლება შეიძლება ჩამოერთმევა ახალ წევრ სახელმწიფოებს და ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას,რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.