მომავალი პრემიერ-მინისტრის გამოწვევები

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყანას ორწელიწადნახევარი მართავდა, პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. მისი შრომისა და მმართველობის შედეგად ქვეყანას დარჩა გაზრდილი ეკონომიკა (2.9%-დან ეკონომიკა გაიზარდა 5%-მდე), საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ბიზნეს სექტორის ბრუნვა, სახელმწიფო ვალი, ფასები და ინფლაცია. შენარჩუნდა სტაბილურობა და უმუშევრობა. მისი მართველობის პერიოდში მეტ-ნაკლები ეფექტურობით ქვეყანამ გაუძლო ლოკალურ და გლობალურ კონფრონტაციულ ვითარებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დიდი ძალისხმევის მიუხედავად საზოგადოებას „შერჩა“ რთული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრასტი. მათ შორის: „ჩამქრალი“ პოლიტიკური ეკოსისტემა, არაეფექტიანობა მიკროეკონომიკაში, ფინანსური კაპიტალის დეფიციტი, კადრების „ხელოვნური“ დეფიციტი, უთანასწორობის დონე, მცირე შემოსავლები და ვალები, ემიგრაცია და შემცირებული მოსახლეობა.
გასათვალისწინებელია, რომ თუ 90-იანი წლების შემდგომ, ქვეყანაში იყო პრობლემების ცოდნის, კვლევების წარმოების, სტრატეგიებისა და გეგმების შექმნის, პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, ანალიზის და პროგნოზირების პრობლემები, დღეს აღნიშნული საკითხები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია (საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აკადემიური სექტორის თუ უშუალოდ აღმასრულებელი უწყებების მიერ). ახლა ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქარიზმატული ენერგიის პრობლემა, ლიდერის როლის პრობლემა, ქვეყნის მმართველი ენერგის პრობლემა.
დღეს, საზოგადოებას გვჭირდება საქმის მკეთებელი მმართველობა. პროდუქტიული და ენერგიული ადამიანური რესურსი. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ პოლიტიკური და მმართველობითი ცვლილებების საფუძველშია ის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არსებული აღშფოთება და პროტესტის ენერგია გადაიქცეს ქვეყნის აღმშენებლობის ტალღად.
ამიტომ, აღნიშნულ ფონზე ფრიად მისასალმებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ, მმართველი ისტებლიშმენტის ცვლილება და ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის წარდგენა.
ხაზგასასმელია, რომ არსებულ პოლიტიკურ გარემოში, მამუკა ბახტაძე გამორჩეულია თავისი თამამი განცხადებებით, პოლიტიკური ინიციატივებით, თანამედროვე სურვილებითა და მიდგომებით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს უწევს:
 პოლიტიკური ეკოსისტემის რეგენერაცია და მძლავრი სახელმწიფო მანქანის შექმნა;
 ერთის მხრივ დაალაგოს პროცესები პოლიტიკურ გუნდში, ჰარმონიულ ურთიერთობაში მოვიდეს ოპოზიურ ძალებთან და „პოლიტიკურ სიმფონიით“ შეძლოს გვერდით დაიყენოს ის საზოგადოებრივად აქტიური პირები, რომელთა რესურსი წინა მთავრობამ ვერ ან არ აითვისა;
 „ჩაძირვის პოლიტიკა“ (რომელიც ძველი ძალაუფლების შენარჩუნებისა და მუდმივ მოძრაობაში მოყვანის ტექნოლოგიაა) შეცვალოს ქვეყნის მშენებლობის პოლიტიკით;
 პოლიტიკური და მმართველობითი ბალასტის ჩანაცვლება საზოგადოებრივად აქტიური რესურსით. რესურსამოწურული ხალხის შეცვლა რეალური შედეგის მომტანი პოლიტიკური და აკადემიური პირებით; ასევე, პოლიტიკური არენის შევსება უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ახალგაზრდა რესურსით;
 აღასრულოს გაჟღერებული ინიციატივები და მყისიერად აასრულოს საზოგადოებრივი სურვილები. პრემიერ მინისტრობით, მის ხელთ იქნება ყველა ის მექანიზმი იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში „ხორცი შეასხას“ თავის გაჟღერებულ ინიციატივებს და ქვეყანა გააძლიეროს. მართალია, მას იმაზე მცირე დრო აქვს ვიდრე მის წინამორბედებს ჰქონდა, თუმცა თუ შედეგებს ვერ აჩვენებს მიღებული საზოგადოებრივი ნდობა ჩაქრება, ხოლო პოლიტიკური სიტყვა გაუფასურდება;
დაბოლოს ვერანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ „გადმოგილოცავს“ ლიდერობას, ქარიზმატულობას, სახელმწიფოს შენების უნარს და საზოგადოების აქტივიზაციის ძალას. ეს ბუნებრივად აქვს მმართველს, რომელსაც საზოგადოება წარმოშობს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, როგორც აკადემიური ჯარისკაცები ყოველთვის ვიზრუნებთ სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილის შეტანაზე.
ეკონომიკის დოქტორი,
რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები