იორდანიაში მცხოვრებმა 130-მა აფხაზმა, აფხაზეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა
იორდანიაში მცხოვრები “აფხაზური დიასპორის” 130-მა წარმომადგენელმა, დეფაქტო აფხაზეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკთან“ ინტერვიუს დროს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის “რეპატრიაციის მინისტრმა”, ბესლან დრაბმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ იორდანიაში მცხოვრები აფხაზების “სამშობლოში დაბრუნებისთვის” აქტიური მზადება მიმდინარეობს.
„აფხაზეთში დაბრუნების სურვილი 35-დან 50 წლამდე აფხაზებმა გამოთქვეს, თუმცა მათმა მშობლებმა, ასაკის გამო, იორდანიაში დარჩენა გადაწყვიტეს“, – აღნიშნა ბესლან დრაბმა.
ბესლან დრაბმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იორდანიელი აფხაზები არ საჭიროებენ დახმარებას რეპატრიაციის ფონდიდან.
„მათ სურთ, ცხოვრება საკუთარი ძალებით მოიწყონ. თუმცა, მათ გარკვეული კითხვები გაუჩნდათ აფხაზური ენის შესწავლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბესლან დრაბმა.
ე.წ. მინისტრის თქმით, მთელი რიგი საკითხები ზაფხულის ბოლოსთვის გადაწყდება, რაც რეპატრიანტებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას ეხება.