ამირან სალუქვაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს გამოძიებამ, ყველაფერი გაპროტესტდება

ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, ბოლო პერიოდში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
როგორც სალუქვაძე წერს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზებაში შეცდომები დაუშვეს, განსაკუთრებით წინა აქციებზე, რომელთა გააზრება ვერ მოახდინეს.
სალუქვაძე გუშინ გამართულ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობაზე და სხვა გარკვეულ საკითხებზე აქცენტებს სვამს. მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოლიდარობის გამო მისული ათასობით ადამიანი თავიანთ მომხრეებად აღიქვეს, თუმცა, ძირითად ბირთვს, აქტივისტები წარმოადგენდნენ. „აღარ ვაპირებდი რუსთაველის აქციის შესახებ დაწერას, არც დაწყებამდე, არც მის შემდეგ, რადგან საკმარისად გამოვთქვი პოზიცია, როგორც ჩემს გვერდზე, ასევე მედიის მეშვეობით. მაგრამ, ვკითხულობ ახლა შეფასებებს, განსაკუთრებით ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით და მსურს გარკვეულ საკითხებზე აქცენტები დავსვა. როგორ ფიქრობთ, “ნაციონალურ მოძრაობას” და “ლეიბორისტებს” (სხვა მონაწილე პარტიები არ ჩამოვთვალე, რადგან მათ პულსი არ ესინჯებათ) ათას კაცზე მეტი მომხრე არ ჰყავთ, ან ზაზა სარალიძეს უფრო მეტი ადამიანი არ თანაუგრძნობს? მაშ რა მოხდა? აქციების მოწყობა და ხალხის მობილიზება არ იციან? მომხრეები გაცილებით მეტი ჰყავთ. აქციის ორგანიზებაში შეცდომები დაუშვეს, განსაკუთრებით წინა აქციებზე, რომელთა გააზრება ვერ მოახდინეს. ამ შეცდომებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ეს ხალხის კლების ერთ-ერთი, ოღონდ არა მთავარი მიზეზია. კიდევ ერთი შეცდომა იყო ის, რომ სოლიდარობის გამო მისული ათასობით ადამიანი თავიანთ მომხრეებად აღიქვეს, თუმცა, ძირითად ბირთვს, აქტივისტები წარმოადგენდნენ. ასევე შეცდომა იყო ის, რომ პირველ აქციებზე თავშივე ვერ მოახერხეს ორგანიზატორ პოლიტიკოსთა დისტანცირება. შემდეგ კი დაიწყეს, ჯერ ჩვენ არაფერ შუაში ვართო, შემდეგ კი შუაში არა, თავში ვართ, მაგრამ გვერდიდან ვუცქერდითო. ისიც ვერ გაიგეს, რატომ ჰქონდა ხალხს გაპოლიტიზირებაზე უარყოფითი რეაქცია. იმიტომ ჰქონდათ, რომ ადამიანები ამ დროს არ თვლიან პოლიტიკოსებს გულწრფელებად და ფიქრობენ, რომ სხვისი უბედურებით სარგებლობენ. თორემ, პოლიტიკურ აქციებზე პოლიტიკოსთა ყოფნა აუცილებელიც არის. პოლიტიკოსთა გარეშე წაყვანილი აქცია დღესაც ვიხილეთ და მანამდეც. ვერ დაიმსახურა ხალხის მოწონება. ახლა რაც შეეხება მოკლული ბავშვების მშობელთა მიმართ თანადგომას და სოლიდარობას. თანამგრძნობთა რიცხვი დიდად არ შემცირებულა და მათ ისევ თანაუგრძნობს მთელი მოსახლეობა. ამაში დარწმუნებული ვარ. ამავე დროს, არის საშიშროება, რომ თანამგრძნობთაგან ბევრს, შესაძლოა, ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის გრძნობა შეეცვალოს მხოლოდ სამართლიანი გამოძიების ჩატარების და დამნაშავეთა დასჯის სურვილით. რატომ? მიზეზი ზაზა სარალიძის არათანმიმდევრულობაა. პირველი მოთხოვნა იყო შოთაძის გადაყენება. შოთაძე გადადგა. შემდეგ საუბრობდა შოთაძე საკენკია, არ ვჭამო. ეს სუბელიანი რა გაგიხდათ, შოთაძე გაწირეთ და ამას ვერ იჭერთო? ამის შემდეგ ტელესიუჟეტში ისაუბრა, რომ სუბელიანი უნდა დაეჭირათ დანაშაულის დაფარვის გამო. შსს აკავებს სუბელიანს ზუსტად მაგ ბრალდებით. იმის ნაცვლად ეთქვა, რომ მივესალმები შსს-ს ქმედებებსო, თქვა დამცინიანო, ეს რა ბრალდება წაუყენესო. ეს ვიდეოები ვრცელდება ფეისბუქით და გადახედონ კომენტარებს. რეალური ადამიანები რეალურად არიან განაწყენებულები მისი პოზიციების ცვალებადობით. იმის შემდეგ, როცა აიყვანეს ვიღაც ახალი ფიგურანტი, მისი ჩვენების საფუძველზე მესამე, მრავალსაათიანის დაკითხვის შემდეგ დააკავეს სუბელიანი, ასევე დაკავებულია ჩხუბის კიდევ ორი მონაწილე, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ალოგიკურია, რადგან ახლა მინისტრის შეცვლა და რყევები მხოლოდ დააზიანებს გამოძიებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს გამოძიებამ, ყველაფერი გაპროტესტდება. გახარია რომ გადადგეს და სხვა დაინიშნოს, უკეთ გამოიძიებენ? ისიც უნდა იყოს გასაგები და ვინმემ უნდა აუხსნას ბატონ ზაზას, რომ მის მიერ გადაცემული სიის თანახმად, ვერავის დააკავებენ. საგამოძიებო პროცედურები, დაკითხვები, მტკიცებულებათა შეგროვებაა საჭირო. ადამიანის დაკავება იოლია, მაგრამ სასამართლოში ბრალი უნდა წარუდგინო და დაასაბუთო. მამტკიცებლად სასამართლოში მშობლის მიერ გადაცემული სია არ გამოდგება. საუბარია იმაზე, რომ თავიდან შსს იძიებდა და გააყალბაო. ვერავინ დაუდგება შსს-ს გარანტად, მაგრამ თუ ყველაფერი გადასცა პროკურატურას, მათ შორის სუბელიანის ვიდეოები, მაშინ პროკურატურის გამომძიებლების პასუხისმგებლობაა და არა შსს-ს. მესმის, რომ შესაძლოა შსს-ს ქმედებებში იყო ხარვეზები. მაგალითად, აზომვებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ვერაფერს გამოვრიცხავ. ორჯერ დავწერე უკვე წინა ბლოგებში, რომ დანგრეულია საგამოძიებო სამსახური, აღრეულია ფუნქციები და ა.შ. იქნებ ამ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და არა განზრახ ქმედებებთან? სხვათაშორის შსს-ში დაწყებულია ეს რეფორმები, კერძოდ, ფუნქციების გამიჯვნის და საგამოძიებო სტრუქტურის ჩამიყალიბების მიმართულებით და ველოდები ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვხედავ, ის საფუძვლიანი პრეტენზიები, რომლებიც პროკურატურის გამოძიების მიმართ გაჩნდა, სწორედ შსს-ს გამოძიების მასალებზე დაყრდნობით იქნა წაყენებული. მაგალითად, სუბელიანის ვიდეო-კადრები მეგონა, რომ მართლაც ტელეკომპანიამ მოიპოვა. თურმე შსს-ს მიერ მოძიებულ საქმის მასალებში ყოფილა, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნა. ასევე, გუშინ ბატონმა ზაზამ მთავრობას მოუწოდა მოდით და დამიდექით გვერდითო. კი მაგრამ, როცა გიორგი კვირიკაშვილი, იმის მიუხედავად, რომ ყველა საწინააღმდეგოს ურჩევდა, საპროტესტო ტალღის ზენიტში, მოვიდა საპროტესტო აქციაზე, გადაგეხვიათ და სოლიდარობა გამოგიცხადათ, ბოთლები ესროლეთ და დირიჟირებულად სიტყვის თქმის უფლება არ მიეცით, თქვენთან არ იყო მოსული? ახლა ეძახით? ამის მიუხედავად, მთელ მთავრობაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენთანაა. მანდ თუ არ მოვა მეორედ, ეს უკვე თქვენი ბრალია. იყო კიდევ ერთი შეცდომა, როცა მოკლული შვილების დედები ჩამოიყვანეთ (ჩამოყვანა და ხარჯების საკითხი ცალკე თემაა და გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ თანაგრძნობის და თანადგომის აქცია პოლიტიკურში გადაგყავთ) და დააყენეთ აქციაზე. 2002 წელს, ანუ შევარდნაძის პერიოდში მოკლული ადამიანის დედა გამოგყავთ. მანამდე კიდევ ორ მთავრობას უნდა გამოეძიებინა. გულწრფელები ვიყავით ამ ადამიანების მიმართ? ან შვილმოკლული მამა რომ არ მიუშვით ტრიბუნასთან, მართებული იყო, თუ შემოგზავნილი იყო ის კაცი? ხელისუფლებას მოვუწოდებ, გუშინ აქციაზე გამოსული შვილმოკლული მშობლების საქმეებით დაინტერესდეს. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ხელისუფლების დროს მოხდა. თუ იურიდიულად შესაძლებელია, დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები. მოკლედ, მე ის აღვწერე, რა განწყობებიცაა საზოგადოებაში და რატომ მოვიდა ასე ცოტა ხალხი წინა აქციებთან შედარებით. რევოლუციისთვის საჭირო მასა არც წინა აქციებზე იყო, მაგრამ ასეთი მკვეთრი კლება რამ გამოიწვია, ამაზე ვსაუბრობ. როგორც დავინახეთ, არათუ მთელმა მოსახლეობამ, არამედ აქციის ორგანიზატორი პარტიების მომხრეებმაც არ მიიღეს ის მესიჯები, რომლებიც აქციის მომზადებას უძღვოდა წინ. ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა მხარს აღარ უჭერს მოკლული ბავშვების მშობლებს. ხალხს ისევ ისე აინტერესებს სამართლიანი გამოძიება და განაჩენი. წინა განაჩენს რაც შეეხება, კარგი იქნება თუ იურისტები მასაც შეაფასებთ, აქაც ხომ არ არის რაიმე ჩამარხული. ჩემი აზრით, უნდა ვაცალოთ შსს-ს გამოძიების დასრულება, თუ გვსურს მეტ-ნაკლებად ყველასათვის მისაღები შედეგის დადგომა. უკვე განხორციელებული საგამოძიებო ქმედებები და დაკავებები, თუნდაც მირზა სუბელიანის დაკავება, მეტყველებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება სერიოზულ კითხვებს ბადებს, რაც უნდა გახდეს შესაბამისი ქმედებების საფუძველი (თანამდებობიდან დროებით გადაყენება, გამოკითხვა, საპროკურორო საბჭოს დაინტერესება საკითხით და ა.შ.). რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას, ჯერ ერთი ეს სისტემა წულუკიანს არ შეუქმნია. მის დროს პირიქით, უფრო დამოუკიდებელი გახდა პროკურატურა. გადახედეთ საკანონმდებლო ცვლილებებს. მეორე, არც მინისტრს, არც საპროკურორო საბჭოს არ აქვთ მთავარი პროკურატურის საპროკურორო ან საგამოძიებო საქმიანობაში ჩარევის უფლება. გადახედეთ კანონს მთავარი პროკურატურის შესახებ… თუ მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ეს სხვა თემაა. გამოყავით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან და დავუბრუნდეთ გენერალური პროკურატურის მოდელს. გავხადოთ ის უფრო მეტად დამოუკიდებელი სტრუქტურა. ასევე, ბოლო ორ წელიწადში უკვე მერამდენედ ვწერ, შევქმნათ მძლავრი საგამოძიებო სამსახური (ბიურო). ბევრი განხილვები იყო სკოლებში, კერძოდ იმავე 51-ში ჩაგვრასთან (ნუ იყენებთ მეტიჩრულად ამ “ბულინგს” და “მობინგს”, მესმის, რომ გესმით) დაკავშირებით. ფაქტი ისაა, რომ იმ დღეს რაღაც მოხდა, რის გამოც ვიღაცამ ვიღაცას დაურეკა და მოვიდა დამხმარე ძალა. ეს გამოსაძიებელია, ადრეც დავწერე. გამოსაძიებელია არა იმის გამო, რომ მკვლელობის გამოძიებასთანაა შეხებაში, არამედ პროფილაქტიკის მიზნით. ვიხილეთ ხომ გარჩევის ახალი ფაქტი და სკოლის დირექცია ისევ არ იმჩნევს? საერთოდ, ამ 51-ე სკოლასთან დაკავშირებით, სოც. ქსელში ძალიან უარყოფითი გამოხმაურებებია და იქნებ განათლების სამინისტრომ გამოიბერტყოთ ყურები?! საერთოდ დაიკარგა ეს სამინისტრო (ავარიის შესახებ ცალკე დავწერ), ვერაფერს ვხედავთ, რას აკეთებს ამ 6 თვის განმავლობაში. ყველანი პროკურატურას და შსს-ს შევცქერით, მთავარი სამინისტრო ჩრდილშია. რაც არ უნდა მომხდარიყო და რა გამომწვევი მიზეზებიც არ უნდა ყოფილიყო, სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. ამ გამომწვევ მიზეზებზე კი ჭორაობას ვერავინ დაუშლის ხალხს, თანაც გვიყვარს ძალიან, მაგრამ საჯარო სივრცეში რა უნდა ვწეროთ, განსაკუთრებით გარდაცვლილების (მოკლულების) შესახებ, უნდა დავფიქრდეთ ხოლმე. და ბოლოს, კარვების რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადატანასთან დაკავშირებით. არაა ეს კარგი იდეა. გალიებიც გვახსოვს რუსთაველზე, რამაც იმ ხალხის უკმაყოფილებაც კი გამოიწვია, რომლებიც მხარს უჭერდნენ საპროტესტო აქციებს. მერწმუნეთ, რუსთაველის გამზირი თბილისის ამ რაიონის საკვანძო გზაგამტარია. მისი გადაკეტვა დისკომფორტს შეუქმნის იმ მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც სრულ თანადგომას და სოლიდარობას გიცხადებთ. როცა ამ ადამიანებს სახლში თუ სახლიდან, სამსახურში თუ სამსახურიდან სასიარულოდ საცობებში დგომა მოუწევთ, მხარდამჭერი ემოციები გაუნელდებათ (რბილად ვწერ). ვინც მაგ მარშრუტით არ სარგებლობს, ვერც იგრძნობენ მის გადაკეტვას. არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად. დარწმუნებული ვარ ხელისუფლება არ შეგეწინააღმდეგებათ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაში. ბევრი საუბარი იყო რევოლუციაზე. უკვე იმდენად ვართ პოლარიზებულები, რომ ასე თუ იტყვი ნაცი ხარ, ისე თუ იტყვი ქოცი (შუა გაკრეფილია). სახეზე აშკარად ეტყობოდა ზოგს რევოლუციური იმედგაცრუება. შეხდომა სწორედ ის იყო, რომ ამ ტრაგედიასთან მოხდა რევოლუციური ტალღის მიწებება. ამავე დროს, მოსახლეობის ძალიან დიდ, მათ შორის უკმაყოფილო ნაწილს არ სურს რევოლუცია და ქაოსი, შემდეგ რევოლუციურ ტალღაზე მოსული ხელისუფლების მრავალწლიანი ეიფორია. ყველა წარმატებული სახელმწიფო ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე. აღარ მინდა ეს რყევები. ეს საპროტესტო ტალღა სასარგებლო იყო ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და გამომაფხიზლებელი ხელისუფლებისთვის. თუ ვინმე სწორ დასკვნებს ვერ გამოიტანს, თავის თავს დააბრალონ. ერთი წამითაც არ ვუშვებ იმას, რომ ხალხში შენელდება გამოძიების დასრულების და საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომის მოლოდინი. ამ შედეგამდე მისვლას გონივრული დრო დასჭირდება და უნდა დაველოდოთ. პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური დივიდენდები არავის აინტერესებს. თუ დივიდენდებზეა საუბარი, ხელისუფლებამ საკმაოდ დაკარგა. გუშინდელმა აქციამ გვაჩვენა, რომ ოპოზიციამაც იგივე პასუხი მიიღო ხალხისგან. კიდევ ერთხელ, გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობასთან და თანადგომასთან ერთად, ვაფიქსირებ საკუთარ პოზიციას, რომ სრულყოფილი გამოძიების საფუძველზე უნდა დადგეს სამართლიანი განაჩენი. ესაა მთელი საზოგადოების მოლოდინი“, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები