„ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩემი წარმოსახვით დახატული  პერსონაჟი გამიცნია“…  – მხატვარი ნიკალას სოფლიდან

0

ნიკო ფიროსმანაშვილის სოფელ მირზაანში დაიბადა.  ბავშვობიდან  ეზიარა ნიკალას უჩვეულო სამყაროს, რომელსაც სხვა განცდა და მადლი მოჰქონდა…  მერე თავადაც გაექცა ხელი და… უკვე მრავალი საინტერესო ნამუშევრის ავტორია.  ფერწერული პორტრეტები  ამაღელვებლად გადმოსცემს შინაგან სამყაროს და ემოციას… თანაც ისე, რომ გამახსოვრდება, საფიქრალით გავსებს…
ნიკალას პორტრეტი 3 ჯერ დავხატე,  ყველა ნახატი ვიზუალურად სხვადასხვაა, თუმცა სათქმელი ერთი აქვთტკივილი, იმედი, სიყვარული“…
სწორედ ამ განცდებით იყო დამუხტული მისი უახლოესი გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მას მეგობრებმა ლამაზი საღამო აჩუქეს. – თვითნასწავლი მხატვრის, ბელა ლობჯანიძის პერსონა.

 – ძალიან მოსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი… თუმცა წლების მერე თითქოს საკუთარ თავში ჩავიკეტე, შეიძლება ამანაც  განაპირობა ხატვის სიყვარული… ბავშვობის დღიურებში (წლების მერე წავიკითხე) ჩემი ოცნება  ყოფილა, მხატვარი ვყოფილიყავი… ეს არც კი მახსოვდა…
სკოლის პერიოდიდან გასაკუთრებულად დამამახსოვრდა ჩემი მასწავლებელი ნათელა ჩიტიშვილი, რომელმაც გამილამაზა ბავშვობა… მინდა თქვენი პორტალის საშუალებით მას დიდი მადლობა გადავუხადო  იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის
გააკეთა. ხატვით ბავშვობიდან ვხატავ, მახსოვს, სხეულს როგორ ვიხატავდი საწერი კალმით გაკვეთილებზე, რაზეც ხშირად მტუქსავდნენ მშობლები და მასწავლებელი.
  პირველი ნახატები
– ზეთით პირველად დედას თხოვნით დავხატე. მთხოვა, მისთვის გოგონა დამეხატა…. არცთუ ისე სასიამოვნო შესახედი იყო.
მოგვიანებით პრომეთეს ნახატი ვიხილე, დავინტერესდი, დავუკვირდი და მისი გადახატვა ვცადა. დღევანდელი გადასახედიდან მაშინდელი პრომეთე სრულებით არ ჩამოუვარდება ახალ ნამუშევრებს. მივხვდი, ხატვა შემეძლო და მას მერე უკვე ჩემი ფანტაზიით ვხატავ.
მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სოფელში გაიზარდეთ…  როცა ხატავ და ირგვლივ ნიკალას მადლი ტრიალებს, მაინც სხვა განცდაა
– დიახ, ეს აუწერელი გრძნობაა… ბავშვობიდან დავდიოდი მუზეუმში, რომელიც თავად მირზაანშია და საათობით ვუყურებდი მის ტილოებს. რამდენადაც შემეძლო, ვიხედებოდი მის სამყაროში. როცა მის ეზოში  ხარ, საოცარი განცდა გეუფლება, თითქოს შენ გარშემო ტრიალებს სამყარო. სიტყვით ვერ გადმოსცემ…
ნიკალას მთელი სათქმელი და ტკივილი მისი თვალებით გადმოეცითროგორ დაიხატა ეს ტილო?
– ნიკალას პორტრეტი 3-ჯერ დავხატე და ყველა ნახატი ვიზუალურად სხვადასხვაა, თუმცა სათქმელი ერთი აქვთ – ტკივილი, იმედი, სიყვარული. მინდოდა, ამის სინთეზი გამეკეთებინა… სასაცილოა, მაგრამ ხან ველაპარაკები კიდეც…  ჩემი ნიკალა ბედნიერია, ცოტა სევდიანი და იმედით სავსეც, და არა ლოთი (როგორც ბევრს დაუნახავს). ლოთი ასეთ დიდ ტილოებს ვერ შექმნიდა…
თქვენს ნახატებში მრავლადაა ისტორიული ფოტოები და პროტოტიპად თანამედროვე ადამიანებს იყენებთ
– შევხედავ ადამიანს და რა გარემოშიც წარმოვიდგენ, ისე ვხატავ. ზოგჯერ თემა მაქვს და ამ თემისთვის პერსონაჟებს ვეძებ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩემი წარმოსახვით დახატული  პერსონაჟი გამიცნია. ეს მართლაც საოცრებაა.
რამდენი წლისამ დაიწყე ხატვა.  ზეთით და აკრილით ხატავთ. ასევე გრაფიკულ ნამუშევრებსაცმაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ზეთით უფრო კარგად გადმოვცემ ჩემს სათქმელს…
თქვენი ნამუშევრებით წიგნებსაც ამშვენებს. გააფორმეთ ზვიად ნავროზაშვილის ლექსების კრებული,  ეკატერინე ბაზერაშვილის „წითელი დედოფალი“…
– უნიჭიერესმა ეკატერინე ბაზერაშვილმა წამაკითხა თავისი პოემა…. საოცარი განცდა დამეუფლა, თითქოს თვალწინ წარმომიდგა ის ყველაფერი, რაც ამ პოემაში იყო.
დიდხანს ფიქრიც არ დამჭირვებია. პოემაში ყველაფერი ისეა აღწერილი, მცირე ფანტაზია და… თვალწინ იხატება ყველაფერი… ასევე გაფორმდა ზვიად ნავროზაშვილის მშვენიერი ლექსების კრებულიც.
ხატვა და შთაგონება…
– შთაგონება, რასაც  მუზას არქმევენ, განუყოფელი ნაწილია ხელოვანისთვის… თუ არ გტკივა და არ გაწუხებს,  მექანიკურად დახატული ვერ აღგაფრთოვანებს… გულით და სულით დახატული  მნახველის გულს ეხება. ნახატმა უნდა ჩაგახედოს სიტუაციაში, იქ გამყოფოს, ნახატი უნდა გესაუბრებოდეს.
4 პერსონალური გამოფენის ავტორი ხართ. ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გამოიფინა თქვენი სურათები...
– ემოციებით დატვირთული წამოვედი. გამოფენები აუცილებელია, უშუალო შეხება გაქვს დამთვალიერებელთან, ეს მხატვრების გაცნობის საშუალებაცაა…  ნებისმიერ კრიტიკას ვიღებ და შემდგომში სასიკეთოდ, ნამუშევრის სრულყოფისათვის ვითვალისწინებ.
ჰობი
– ძალიან მიყვარს  ბუნებაში ხეტიალი, მიყვარს სიმაღლეებზე ასვლა და ჰორიზონტის ყურება.
სამომავლოდ?..
– გეგმები მრავლადაა … რამდენად განვახორციელებ, ვნახოთ…  მინდა ტექნიკა დავხვეწო და  სათქმელი უკეთესად გადმოვცე.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი