ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, ტატუნაშვილის საქმეზე იმსჯელებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.
„ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. მათ შორის, საუბარია პრეპარატების ან სხვადასხვა მასალის გადმოცემაზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საყურადღებო გამოძიებისთვის, ან ექსპერტიზისთვის. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი.
ჩვენი მხრიდან იყო იმ ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, რომ დავადგინოთ პასუხისმგებელი პირები და შესაბამისად, აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების საკითხს, მისივე თქმით, როდესაც საუბარია გადაადგილების თავისუფლებაზე, იგულისხმებიან არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, არამედ ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები