აფხაზეთში, ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტია „ამცახარამ“, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ „ამცახარას“ მეათე, პარტიული ყრილობა სოხუმში სასტუმრო „ინტერ- სოხუმში“ გაიმართა, რა დროსაც პარტიის წევრებმა, სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომელიც შეკრებილებს პარტიის თავჯდომარემ, ალხას კვიწინიამ გააცნო.
„აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე, რაულ ხაჯიმბას საქმიანობა არაკომპეტენტურია და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისთვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, ხაჯიმბამ ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საკუთარი თანამდებობა და ხალხის ბედზე რეალური პასუხისმგებლობა აიღოს. მისი მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, არაკონტროლირებადი, დამანგრეველი პროცესებისგან თავის ასარიდებლად, ოპოზიციური ძალები იძულებულები გახდებიან, ქვეყანაში კანონიერი აქციების ორგანიზება დაიწყონ“, – ნათქვამია ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.