„არაბული ლიგის სახელმწიფოები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სირიის მიერ „აღიარებას“ დაგმობენ“
დღესდღეობით არაღიარება, არაბული ქვეყნების მხრიდან, არის ცალსახა – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არაბული ლიგის სახელმწიფოები, სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარებას“, ადრე თუ გვიან, დაგმობენ.
„არაბული ლიგის სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული დამოკიდებულება სირიის მიმართ და საერთოდ იმ პოლიტიკის მიმართ, რაც სირიის ხელისუფლების მიერ ტარდება. ადრე თუ გვიან დაგმობენ, რასაკვირველია, მაგრამ დღესდღეობით არაღიარება, არაბული ქვეყნების მხრიდან, არის ცალსახა, ნათელი და კითხვის ნიშანს არ ბადებს არავისში, გარდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ირანს, ვოლსკი აცხადებს, რომ ირანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პოზიცია არ შეიცვლება.