მუზეუმების საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდება
კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი და სხვა საჩუქრები გადასცა.
შედგა ასევე, იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს – მუზეუმების საერთაშორისო დღეს და 19 მაისს – აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებშია დაგეგმილი.
ღონისძიებას „იკომ-საქართველოს“ ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ინგა ქარაია და თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინო სანადირაძე ესწრებოდნენ.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება – საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მუზეუმის კვირეული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნება.
მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, 19 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება.
წელსაც, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. ვინაიდან, 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება, წელს, აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებულია რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თემატიკაც.
მიმდინარე წელს აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე – დაფუძნდა 1977 წლის, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. 2018 წელს, მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები – ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“.
ჰიპპერდაკავშირებულობა – ეს ტერმინი 2001 წლიდან დამკვიდრდა კომუნიკაციის იმ თანამედროვე მრავალმხრივ საშუალებათა აღსანიშნად, როგორიცაა პირისპირ კონტაქტი, ელ-ფოსტა, მესიჯების მყისიერი გაცვლა, ტელეფონი თუ ინტერნეტი. კომუნიკაციის ეს გლობალური ქსელი დღითი დღე უფრო და უფრო რთული, მრავალფეროვანი და ინტეგრირებული ხდება. თანამედროვე სამყაროს ჰიპპერდაკავშირებულობის ამ ტენდენციას მუზეუმებიც უერთდებიან. ახალი ტექნოლოგიების წყალობით, მუზეუმებს დღეს შეუძლიათ მოემსახურონ საკუთარ აუდიტორიას და აღმოაჩინონ ახალი პუბლიკა კოლექციების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით: კოლექციების დიგიტალიზაციით, გამოფენებზე მულტიმედიური ელემენტების შეტანით, ან მარტივად, ჰეშთეგის (hashtag) გამოყენებით, რაც მუზეუმებს ვიზიტორებისათვის საკუთარი გამოცდილების სოციალური მედიის მეშვეობით გაზიარების შესაძლებლობას უქმნის. მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილე მუზეუმების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება. გასულ, 2017 წელს, ამ დღესასწაულში მონაწილეობდა 156 ქვეყნის 36 000 მუზეუმი, მათ შორის – საქართველოც.
„ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა, თუმცა, მან ტრადიციული სახე ვერ მიიღო.
აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობისა და მათ საქმიანობაში სოციუმის აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით.
2017 წლის, 27 მაისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქცია ჩატარდა 100-მდე მუზეუმში, რასაც დიდი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მხოლოდ ერთ ღამეში მუზეუმებს ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობა – 60 000-მდე დამთვალიერებელი ესტუმრა. სოციალური მედიისა და ტელევიზიების საშუალებით ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მუზეუმის, როგორც აქტიური საგანმანათლებლო-კულტურული ინსტიტუციის პოპულარიზაციას.