ნარკორეიდები ევროპის ღამის კლუბებში – რა ზომებს მიმართავენ სამართალდამცველები ნარკორეალიზატორების დასაკავებლად

ბოლო ორი დღეა, თბილისის ღამის კლუბებში 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია განხილვის თემად იქცა, პოლემიკის საგანი კლუბებში სამართალდამცველების შესვლის ფორმა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაციის შედეგად რვა ნარკორეალიზატორის დაკავება მოხერხდა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ რეიდის დროს კლუბში მყოფების უფლებები შეილახა და განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტებიც დააფრთხო.
თუმცა, თუ საერთაშორისო მედიას გადავხედავთ, კლუბებში ნარკორეიდები არც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაა უცხო. მეტიც, როგორც ირკვევა, ნარკორეიდების შემდეგ, სამართალდამცველები კლუბების დახურვის გადაწყვეტილებას იღებენ.
მედიაჰოლდინგი „კვირა“ ევროპის ქვეყნებში უახლოეს წლებში კლუბებში ჩატარებული ყველაზე ხმაურიანი ნარკორეიდების შესახებ გიამბობთ:

ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლონდონში, სოჰოს უბანში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი პოლიციამ დახურა. მანამდე კი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. ცნობილია, რომ პოლიცია სამი თვის მანძილზე ატარებდა გასაიდუმლოებულ გამოძიებას, კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ლივერპულში მდებარე „გარლანდის“ ღამის კლუბი პოლიციამ რეიდის შემდეგ დახურა. დააკავეს 19 და 20 წლის ახალგაზრდები, ნარკოდანაშაულის ბრალდებით. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს ღამის კლუბის სამუდამო დახურვის მოთხოვნით მიმართეს. ხსენებულ კლუბთან დაკავშირებით, პოლიცია მოკვლევას რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.
კუნძულ იბიცაზე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ „ამნეზია იბიცაში“ პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ცნობილია, რომ დაკავებულ 4 პირს შორის, ერთ-ერთი კლუბის მეპატრონე, მარტინ ფერერაცაა. აღსანიშნავია, რომ რეიდის დროს, კლუბში მსოფლიო დონის მუსიკოსები უკრავდნენ, პოლიცია კი ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა. ცნობილია, რომ რეიდი ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში ჩატარდა.

ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, ვოქსჰოლში მდებარე გეიკლუბებში ჩატარებული რეიდების შედეგად, 3 ადამიანი დააკავეს. როგორც ირკვევა, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია,რომ აღნიშნულ კლუბებში ნარკოტიკებს ყიდდნენ. ამასთანავე, ახლომდებარე სახლებში მოსახლეობა შეწუხებული იყო იმის გამო, რომ კლუბების გარეთ ანტისოციალურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. კლუბებში “fire”-სა და “lightbox”-ში პოლიციამ 30 წლის ორი მამაკაცი დააკავა, რომელთაც “ა კლასის” ნარკოდანაშაულში სდებენ ბრალს. მათგან ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელია. მესამე დაკავებულს მოპარული ნივთების მისაკუთრება ედება ბრალად. როგორც მთავარმა ინსპექტორმა, ლენს ლამნიემ განაცხადა, სამართალდამცველებს ჰქონდათ

ინფორმაცია, რომ აღნიშნულ კლუბებში საშიში სუბსტანციები იყიდებოდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ღამის ეკონომიკას დედაქალაქში, მაგრამ როდესაც ვეჭვობთ, რომ ხდება დანაშაული, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება. ამას გარდა, ამ შემთხვევაში, ანტისოციალური ქმედებას, რომელიც ამ კლუბებმა გამოიწვია, ჰქონდა მძიმე ეფექტი იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლომახლო ცხოვრობენ და მუშაობენ. ჩვენ ვიმუშავებთ ორივე კლუბის მენეჯმენტთან და ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და გადავწყვეტთ, ექნება თუ არა ამ ფაქტს გავლენა ლიცენზიის საკითხებზე“, – განაცხადა მთავარმა ინსპექტორმა.

ლონდონში, 20 წლის ლეა ბეთსის სიკვდილის შემდეგ, რაც რაქელის ღამის კლუბში ექსტაზის მოხმარებამ გამოიწვია, ღამის კლუბებში მასობრივი რეიდები განხორციელდა. მათ შორის იყვნენ ყველაზე ცნობილი და მსხვილი კლუბები „უტოპია” და „ფაბრიკა” . რეიდები აღნიშნული კლუბების დახურვით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი „ფაბრიკა” თავისი არსებობის 17 წლის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი გახდა ელექტრონული მუსიკის სფეროში, ამას ხელი არ შეუშლია სასამართლოსთვის, რომ მისთვის ლიცენზია ჩამოერთმია. ბრიტანული მედიის ცნობით, 2 წლის წინ, ლონდონის ათეულობით კლუბში, კერძოდ კი ესექსისა და სოფოლკის ღამის კლუბის ქსელებში, მიმდინარეობდა ნარკოტიკების მასიური რეალიზაცია, ამ კლუბებს ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები და ნარკოდილერები აკონტროლებდნენ.
დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში, დახურეს ღამის კლუბი, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ მიღებული ნარკოტიკული საშუალებით, 19 წლის ახალგაზრდა – მაიკლ თრუმენი გარდაიცვალა. ეს ამ კლუბში ნარკოტიკით გარდაცვალების მეორე შემთხვევა იყო.

მიუნხენის ორ კლუბში პოლიციამ, ჯამში, 19 პირი დააკავა. მათ MDMA, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკები ჰქონდათ. როგორც მიუნხენის პოლიციამ განაცხადა, შაბათ-კვირის განმავლობაში, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ორ კლუბს გაუწიეს მონიტორინგი. დაპატიმრებულების ასაკი 17-39 წელია. დაკავებულები საპოლიციო მოქმედებების შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ირკვევა, ევროპელი სამართალდამცველები ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, საგამოძიებო მოქმედებებს თვეების მანძილზე ახორციელებდნენ.

https://www.youredm.com/2016/07/05/police-raid-amnesia-ibiza-nightclub-arrest-owner/

http://outnewsglobal.com/police-target-london-gay-clubs-drug-bust/

http://www.bbc.com/news/uk-england-merseyside-31451481

https://www.theguardian.com/uk/2004/sep/04/ukcrime.drugsandalcohol

https://theuk.one/v-birmingeme-zakryvayut-nochnoj-klub-iz-za-smertej-ot-peredozirovki-narkotikov/

https://www.tz.de/muenchen/stadt/au-haidhausen-ort43334/polizei-muenchen-19-festnahmen-wegen-mdma-und-amphetamin-in-innenstadt-clubs-9669217.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები