„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი – სერგი გვარჯალაძე თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს, როცა ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც სერგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი რჩევაა, გუშინდელი ღამის სპეცოპერაცია სასწრაფოდ და დეტალურად იქნეს განმარტებული.
„მეგობრებო, საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარია და დამაზიანებლად მიმაჩნია თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში და მთელი ღამე ან პოლიციაში ან ქუჩაში პროტესტში გაატარეს. ასევე, ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ 8 ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი, ისე, რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს. დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ. სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიციების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენლად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ“, – წერს სერგი გვარჯალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები