ანა ნაცვლიშვილი: შს სამინისტროს ბრძოლა ნარკოტიკებთან ეფექტურად და მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გუშინ კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, შს სამინისტროს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება აქვს და ეს ბრძოლა ეფექტურად და მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. ის იმედოვნებს, რომ დღეს მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა კონსტიტუციური უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა შეძლონ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები.
დღეს მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და შს სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დღეს შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები