„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წუხანდელი მოვლენების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წუხელ პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე იგი მანქანაში ჩასვეს და პოლიციის ერთ-ერთ შენობაში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა.
„წუხანდელ მოვლენებს არავინ არ ელოდა პოლიციელების მხრიდან, გარდა იმისა, რომ ეს იყო თავდასხმა კერძო ბიზნესზე. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ურტყამდნენ ადამიანებს და ყრიდნენ მანქანებში, მათ შორის მეც, 900 კამერა მიღებდა და ყველამ ნახა, რომ არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ ვკითხულობდი, თუ ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი. ამწიეს ჰაერში და გამაქანეს, რის შემდეგაც, 3 საათი გავატარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, მშვიდად, წყნარად.
ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. ცოტა ხანი მაკატავეს, შემდეგ წესიერად და ზრდილობიანად მექცეოდნენ. დაკავების მიზეზი არ იცოდნენ, გლდანში გადამიყვანეს. ბევრ სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ პოლიციელებთან. დაკავების შინაარსი თვითონაც არ იცოდნენ. იგინებოდიო, არ ვიგინებოდი-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ ტელევიზიისთვის კომენტარის მიცემისას ბილწი სიტყვა ვთქვი და ვუთხარი. გაუხარდათ, ანუ აღიარებო. არაფერს ვაღიარებ-მეთქი და სულ ეს იყო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შემიდგინეს და გამომიშვეს. ზრდილობიანად და კულტურულად გავატარე სამი საათი პოლიციის განყოფილებაში. წესით, თუ ვინმეს კიდევ რაღაც ილუზიები ჰქონდა, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა და ხელისუფლებაში არსებობდა რაღაც პროგრესული ძალები, რომ რამენაირად მხარი დაეჭირათ პროგრესულ ძალებს და რამენაირად გასულიყო კანონპროექტი, მე მგონი დამთავრდა. გუშინ, სახელმწიფომ და ამ ხელისუფლებამ ყველას ძალიან გასაგებად გაგვცა პასუხი – ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა, გვითხრეს არა, უბრალოდ – არა. გვითხრეს, რომ უფრო ველურები და უფრო თავხედები ვიქნებით, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ. ეს გვანახეს გუშინ ღამით“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს როგორც კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ზურაბ ჯაფარიძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები