„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

თამარ ხულორდავამ ევროკავშირის შექმნის ისტორია მიმოიხილა და იმ ღირებულებებზე და მიზნებზე ისაუბრა რის გარშემოც გაერთიანდნენ ევროპის ქვეყნები.

„ევროკავშირი არის სივრცე, რომელიც ადამიანებს აძლევს განვითარების შესაძლებლობებს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა და ქვეყნებს შორის არსებობდეს საერთო ეკონომიკური ინტერესები. საქართველოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და სურვილი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ დიპლომატიური, გონივრული ნაბიჯებით მივდივართ წინ. გვსურს უფრო რეალისტური გავხადოთ ჩვენი ამბიცია და საბოლოოდ, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ამ ღირებულებების გაზიარება და იმ სტანდარტების დანერგვა, რომელსაც აწესებს ევროპა. ევროკავშირს აქვს ცხოვრების ის სტანდარტი, რომელიც გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრისას. მან ახალგაზრდებს ევროპის დღე მიულოცა რომელიც 9 მაისს აღინიშნა. „ეს არის მშვიდობის იდეის ირგვლივ გაერთიანების დღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღის აღნიშვნის შესაძლებობა გვეძლევა ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„ვიზალიბერალიზაცია არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ამ გზაზე, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ევროკავშირთან დაახლოების ძალიან კარგი ტენდენცია. გავხდით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით ევროკავშირში ინტეგრაციის განხორციელებისთვის. ასევე, წინსვლა გვაქვს სამართალდაცვით სფეროში, ევროპოლთან გავაფორდა სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც სამართალდაცვითი თანამშრომლობის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება რომელიც მისი თქმით, არის დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რადგან ეს არის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა ევროკავშირთან.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს შეთანხმება იძლევა.

თამარ ხულორდავამ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს გაცხადებულ სურვილზე – ევროკავშირში საქართელოს გაწევრიანების შესახებ და მის პერსპექტივებზე, ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და სხვადასხვა მიმართულებით ჯერ კიდევ განსახორციელებელ რეფორმებზე.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. საქართველო პირნათლად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თქვენი ქვეყანა არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. თუმცა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელთა დაძლვაზე დიდი მუშაობაა საჭირო“, განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა ჰეიდი ჰაუტალამ.

„თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საშუალება, რომ ქვეყანაში მოახდინოთ ის ძირეული ცვლილებები, რომლითაც მოსახლეობას ექნებათ უკეთესი განვითარების საშუალება. ის წარმატებული რეფორმები რომლებიც საქართველოში ხორციელდება, უნდა გაგრძელდეს და ამ ძალისხმევით თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ევროპარლამენტში ახლახან შექმნილი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კლერ მუდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები