ნიკა ჩიტაძე: როდესაც არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი, რომ ირანი ბირთვულ იარაღს აწარმოებს, შეთანხმებიდან გასვლა უადგილოა
ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გავიდა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს აწარმოებს, შეთანხმებიდან გასვლა უადგილოა.
“აშშ-ის მიმართ ჩემი პატივის მიუხედავად, უნდა ვიყოთ ობიექტურები და რეალურად შევაფასოთ, რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახება საერთაშორისო ინტერესებზე ან თუნდაც საქართველოზე, ტრამპის ის გადაწყვეტილება, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გავიდა. ამერიკის გასვლით რამდენიმე პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, პირველი, შესაძლოა, აშშ-ისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაფუჭდეს, რადგან ევროკავშირმა არ დაუჭირა მხარი აღნიშნულ ინიციატივას და ბზარი გაჩნდება მათ ურთიერთობებში. როდესაც არ არსებობს არანირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ირანი აწარმოებს ბირთვულ იარაღს, ვფიქრობ, აღნიშნული შეთანხმებიდან გასვლა, ამ შემთხვევაში, უადგილო იყო. მეორე, ირანის ტერიტორიაზე მსოფლიოში არსებული ნავთობ-მარაგის დაახლოებით 9% და ბუნებრივი აირის დაახლოებით 16% მდებარეობს, ამიტომ აშშ-ის გასვლა გამოიწვევს ნავთობზე ფასების გაზრდასაც. ეს კი დადებითად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე, მათი შემოსავლების 50%-ზე მეტი დამოკიდებულია ნავთობის და გაზის ექსპორტზე. შესაბამისად, რუსეთისთვის ეს დადებითად აისახება. მესამე, აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსეთ-ირანის დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს. ბირთვულ სფეროში ისეც ორივე ქვეყანა თანამშრომლობდა. ამიტომ, შესაძლებელია გაძლიერდეს ანტიდასავლური ბლოკი”,-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
თუ როგორ აისახება საქართველოზე აღნიშნული გადაწყვეტილება, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ჩვენს ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
“მე ასე მგონია, რომ საქართველოზეც ნეგატიურად აისახება ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არანაირად არ გვაწყობს, დასავლეთს გაუჩნდეს დამატებითი თავის ტკივილი. აშშ-ის კონცენტრაცია უფრო ირანის მიმართულებით იქნება, ვიდრე საქართველოზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, აშშ და საქართველო ყოველთვის იყვნენ და იქნებიან სტრატეგიული პარტნიორები. ასევე, ნავთობზე ფასების ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება კარგად. რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც გამოიწვევს”,-აღნიშნა ექსპერტმა.
მან ტრამპის იმ არგუმენტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა პროგრამიდან გასვლა გაამართლა და განაცხადა, რომ ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორია. ნიკა ჩიტაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი გამამართლებელი პასუხი, მაგრამ უარყოფითი შედეგები, რაც ამას მოჰყვება, უფრო მეტია.
“ტრამპის ის არგუმენტი, რომ ირანი ტერორიზმის მთავარი სპონსორი იყო და ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მიზეზიც შეთანხმებიდან გასვლისა, მაშინ ამის დამამტკიცებელი საბუთიც უნდა არსებობდეს. მიუღებელია ის, რომ ირანი და რუსეთი ღიად უჭერენ მხარს ასადის რეჟიმს. ამ მხრივ კი, შესაძლოა,გამართლდეს ტრამპის გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ, უარყოფითი მხარეები უფრო მეტია. ირანი ამ შემთხვევაში უფრო გააძლიერებს ასადის რეჟიმთან კავშირს”,-განაცხადა ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.