„ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლით, აშშ-მა დაადასტურა, ვინ არის მსოფლიოში ზე-სახელმწიფო“

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არსებული შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, აშშ-მა ირანს სანქციები გაუმკაცროს.
თუმცა, სალუქვაძე თვლის, რომ პროცესების განვითარება ირანის მიერ აშშ-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ გადადგმულ ნაბიჯებზეც იქნება დამოკიდებული.
შესაბამისი შეფასება ანალიტიკოსმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„აშშ-ის მხრიდან, მოსალოდნელია სანქციების გამკაცრება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება იმ ნაბიჯებზე, რასაც ირანი გადადგამს. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ამერიკა „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშულა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ირანი არ გამოდის შეთანხმებიდან. ჩემი აზრით, ეს ირანის მხრიდან, გარკვეულწილად, დათმობად, ან უკან დახევად შეიძლება შეფასდეს. ირანი სახის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პროცესები ისე წარიმართოს, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში და თვეების შემდეგ ჰასან რუჰანისა და ტრამპის შეხვედრა სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგეს. რაც შეეხება ტრამპს, ამ გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა, რომ ის ასრულებს ყველა იმ დანაპირებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა და ერთ-ერთი დანაპირები სწორედ ბირთვული შეთანხმების დატოვება და ირანის მიმართ პოლიტიკის გამკაცრება იყო. ამასთან, ამ ნაბიჯით ამერიკამ დაადასტურა, ვინ არის მსოფლიოში ზე-სახელმწიფო, არავისთვის არ უკითხავს ირანთან მიმართებაში როგორ წარმართავდა თავის პოლიტიკას, მათ შორის არც ევროპის ლიდერებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კონსულტაციები იყო. ვიცით ჩვენ მაკრონის, მერკელის და სხვების დამოკიდებულება, თუმცა ვთვლი, რომ ისინი, გარკვეულწილად, რუსეთის ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და რუსეთიც გაანეიტრალა ამ კუთხით, აშშ არ თვლის რუსეთს რეგიონში მოთამაშედ და, მათ შორის, – არც ირანის საკითხში“ , – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები