პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს

„პრაიმტაიმისთვის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ცნობილი გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გასაჯაროებისა და ამ გზით ახალგაზრდა ქალის დაშანტაჟების სკანდალური საქმე.

„ორგანიზაციის იურისტმა ანონიმურობის დაცვის გარანტიით გადმოგვცა დაზარალებულის გამოკითხვის დოკუმენტიც, სადაც ის დეტალურად იხსენებს, როგორ, ვინ და რა მიზნით გაუვრცელა ინტიმური შინაარსის ვიდეო და ფოტომასალა“,- წერს გამოცემა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება, „პრაიმტაიმი“ ამ საქმის ფიგურანტების ვინაობას, არ ასახელებს. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალს, პირობითი სახელით „ეკა“, საკუთარი ნებით სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა 20 წლის გ.ქ-თან, თუმცა აღმოჩნდა, რომ სექსუალური პარტნიორი ამ ურთიერთობას ფარულად იწერდა, მას შემდეგ კი, რაც პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ფარული ჩანაწერების გავრცელებით აშანტაჟებდა. მუქარა მალევე რეალობად იქცა. ეს მაშინ, როდესაც დაზარალებულის დამ სოციალურ ქსელში „ფეისბუკის“ ყალბი ექაუნთიდან გამოგზავნილი ვიდეო და ფოტოები მიიღო, სადაც „ეკასა“ და მის პარტნიორს შორის  სექსუალური აქტი იყო ასახული. და აი, რას ჰყვება თავად დაზარალებული:

„2017 წლის აგვისტოში მე ვიმყოფებოდი ჩემს მეგობართან, დაახლოებით 11:30 საათი იქნებოდა, როდესაც მე იქედან წამოვედი და ვინაიდან არ მქონდა გზის ფული, ფეხით ვაპირებდი წამოსვლას. როდესაც გამოვცდი გადასახვევს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მე გამიჩერა ვერცხლისფერმა „ნისან სკაილაინის“ მარკის ავტომობილმა, რომლის საჭესთან იჯდა დაახლოებით 20-21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ხოლო გვერდით ეჯდა დაახლოებით 25 წლამდე მამაკაცი. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც იჯდა საჭესთან, შემომთავაზა, რომ გამიყოლებდა, რადგან შევეცოდე, ფეხით რომ მივდიოდი. მე მას უარი ვუთხარი და გზა გავაგრძელე, მან ისევ გამიჩერა მანქანა და კვლავ შემომთავაზა წაყვანა. ამჯერად მას დავთანხმდი და ჩავჯექი მანქანის უკანა სავარძელზე. აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი გამეცნო, როგორც გ.კ, თუმცა შემდგომში, როგორც გავარკვიე, იგი არის გ.ქ-შვილი. ამის შემდეგ, ჩვენ ვიმგზავრეთ დაახლოებით 10-15 წუთი. მის გვერდით მჯდომი ჩემთვის უცნობი მამაკაცი, ჩამოვიდა გზაზე, ხოლო მე და გ-მ გავაგრძელეთ გზა. მე ისევ უკანა სავარძელზე ვიჯექი, როდესაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა კოკაკოლები და კუბეტები. ის მე გამიმასპინძლდა აღნიშნულით. მე მას გავეცანი ჩემი სახელით და გვარით, ასევე ვუთხარი ჩემი ფეისბუკგვერდი და მივეცი მობილურის ნომერიც. როდესაც გ-მ შეიძინა კოკაკოლები და კუბეტები, ჩვენ წავედით ტყის მიმართულებით, მაგრამ რომელ ტყეში წამიყვანა, მე ეს არ ვიცი და არც მიკითხავს. ტყეში მე და გ-მ ჩემი ნებით დავამყარეთ სექსუალური ურთიერთობა და ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. მან მომცა გზის ფული და მიმიყვანა გზამდე, საიდანაც უკვე დამოუკიდებლად წავედი. მას შემდეგ, რაც ჩემსა და გ-ს შორის იყო სექსუალური ურთიერთობა, მე იგი როგორც ფეისბუკზე, ასევე, მობილურზე მირეკავდა და მიგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და სისტემატურად ვსაუბრობდით, რის შემდეგაც მის მიმართ გამიჩნდა სიმპათია. მე მას დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაახლოებით კიდევ 6-ჯერ შევხვდი იგივე ადგილას და ჩვენ გვქონდა სექსუალური ურთიერთობა ჩემი ნებით მის კუთვნილ „ნისან სკაილაინის“ ავტომანქანაში. აქვე დავამატებ, რომ მე გ-თან სექსუალური ურთიერთობა მქონდა დაახლოებით 7-ჯერ და ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ ადამიანის მიმართ დავკარგე ინტერესი და აღარ მინდოდა მისი ნახვა, რის გამოც გაბრაზდა და ხმამაღლა ტონით მეუბნებოდა, რომ მენახა და წავსულიყავი მის სანახავად, რაზეც მე მას მკაცრ უარს ვეუბნებოდი. ამის გამო, 2017 წელს თვე და რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, გ-მ მითხრა, რომ თუ მე მას არ ვნახავდი, ჩემს სურათებს და ვიდეოს გამოაქვეყნებდა და ყველას ანახვებდა იმ ვიდეოებსა და სურათებს, რომლებიც გადაღებული იყო ჩვენი სექსუალური აქტის დროს. ამის გამო მე ის დავბლოკე ფეისბუკზე, ასევე შევცვალე ტელეფონის ნომერი და მასთან დაახლოებით 7-8 თვეა არანაირი ურთიერთობა აღარ მქონია. 2018 წლის პირველ აპრილს ჩემს დას თავის ფეისბუკგვერდზე მესენჯერში მიუვიდა ჩემი და გ-ს სექსუალური აქტის დროს გადაღებული სურათი და ვიდეო, რაც მის მესენჯერში გაგზავნილი იყო ვინმე, ნ. ბაგრატიონის სახელით და გვარით. ამ ყოველივეს გამო, მე 2018 წლის 2 აპრილს დავწერე განცხადება პოლიციაში და მოვითხოვე აღნიშნული პირის კანონით დასჯა, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნებით სწორედ გ.ქ დამემუქრა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს ფოტოები და ვიდეო გადაიღო ჩუმად, ისე რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ. ეს ჩანაწერი ნამდვილად ჩვენი ურთიერთობის დროს არის გადაღებული და მასზე მე ვარ ასახული. ამან მე მომაყენა მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი. მე გ.ქ. დამემუქრა აღნიშნულის გამოქვეყნებით, მას შემდეგ რაც მე აღარ ვისურვე მასთან ურთიერთობის გაგრძელება, თუმცა მაშინ მე მას არ დავუჯერე, რომ ჰქონდა აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალა. ამის შესახებ, გავიგე, როდესაც ჩემს დას მიუვიდა, ჩემი და გ-ს სექსუალური აქტის დროს გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა. მინდა დაისაჯოს ეს პიროვნება კანონის სრული სიმკაცრით, რადგან მან დაარღვია ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“, – ჰყვება დაზარალებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ აცხადებენ, სამართალდამცველებმა დაზარალებული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ზემოხსენებული მამაკაცი დააპატიმრეს. ამჟამად გ.ქ-ს სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. შსს-ში განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული გ.ქ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალთან სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თავისი მობილური ტელეფონით გადაიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალმა უარი განუცხადა მასთან სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებაზე, რის გამოც სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებით დაემუქრა. მან მუქარა შეასრულა და 2017 წლის 4 დეკემბერს სექსუალური კავშირის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 157-პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები