საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
კულტურის სამინისტროა ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა UNESCO-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2025 წელს ქართული ხორბლის კულტურის – ტრადიციებისა და რიტუალების UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას და 2026 წლის ახალ ნომინაციას – „ქართული ცხენოსნური თამაშები – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა”. აღინიშნა, რომ მზადდება ნომინაცია დმანისის ჰომინიდების ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.
შეხვედრაზე განიხილეს UNESCO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, 2026 წელს კულტურული მრავალფეროვნების დღისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, ასევე, 2027 წელს ილუსტრატორისა და მხატვრის, მიხაი ზიჩის იუბილეს უნგრეთთან ერთად აღნიშვნის საკითხი. ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას „MONDIACULT 2025-ში” და ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას კრიზისულ ვითარებებში.
ყურადღება გამახვილდა კულტურული უფლებებისა და კულტურის ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, მათ შორის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო პროცესს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და შესაბამის საკონსულტაციო ორგანოებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ისაუბრეს მცხეთაში UNESCO-ს ექსპერტთა მისიის შესახებ.
ხაზი გაესვა კულტურის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში და აღინიშნა UNESCO-ს მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.
თინათინ რუხაძემ UNESCO-ს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხალედ ელ-ენანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – ზურაბ ბაკურაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში – ირაკლი ყურაშვილი”, – წერია ინფორმაციაში.