ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის – UMCS (ლუბლინი, პოლონეთი) დელეგაციას უმასპინძლა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ – ითანამშრომლონ სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.
“თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა – ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.
უნივერსიტეტების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების დაგეგმვა/განხორციელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. პარტნიორობის ფუნდამენტური ნაწილი დაეთმობა ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს. ახალგაზრდები, გაცვლითი პროგრამების დახმარებით, ჩაერთვებიან კულტურულ აქტივობებში და გაიღრმავებენ ცოდნას თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, საკონფერენციო სივრცეებს, სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს და სხვა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის აღნიშნული მემორანდუმი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც KIU-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ევროპულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს”, – წერია ინფორმაციაში.