ცესკო: ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე, არცერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ დაფიქსირებულა.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი აშუქებს, ხოლო საარჩევნო სუბიექტების არჩევნებს – 461 წარმომადგენელი. მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.
“20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე. 07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები