სტატუსის გამო “ჯიპადან” გათავისუფლებული ლექტორი: არასოდეს დავუხრი თავს ჩერგოლეიშვილებს, პატარაიებსა და ლომჯარიებს

„ჯიპას“ ლექტორი ზაზა სიამაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო სამსახურიდან გაუშვეს, აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
როგორც ზაზა სიამაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სოციალურ ქსელში მისი აქტიური პოსტები „ჯიპას“ რექტორს მარინა იოსელიანს არ მოსწონდა.
მისივე თქმით, გათავისუფლებამდე, იგი მარინა იოსელიანმა რამდენჯერმე გააფრთხილა.
„ბოლო ერთი წელია, „ჯიპას“ რექტორი მარინა იოსელიანი ჩემ ფეისბუქპოსტებზეა დადარაჯებული და კოლეგების პირით რამდენჯერმე შემომითვალა – სიამაშვილი სოციალურ ქსელში მწვავე განცხადებებს შეეშვასო. მაინტერესებს, „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ლექტორს უფლება არ აქვს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საზოგადოებისთვის აქტუალურ პროცესებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს?! სად ვცხოვრობთ? „ჯიპა“ ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სასწავლებელი ხომ არ არის, რექტორი ასეთ პოლიციურ-ჟანდარმერიულ რეჟიმს რომ აწესებს?! და საერთოდ, „ჯიპაში“ ვიღაცას ჩემი პოლიტიკური ფეისბუქსტატუსები თუ არ ეპიტნავება, არც მე მსიამოვნებს ის, რომ „ჯიპაში“ ვხედავდე სახეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს თავგამოდებით უკრავდნენ ტაშს. „ჯიპას“ რექტორი ჩერგოლეიშვილების, ბაია პატარაიების, ლომჯარიებისა და მსგავსი წარმონაქმნების დიქტატს ემორჩილება, ეს ხალხი ჩემთვის ნაცებზე უარესია. პირდაპირ ვაცხადებ, რომ, მე ზაზა სიამაშვილი, არასოდეს დავუხრი თავს ჩერგოლეიშვილებს, პატარაიებსა და ლომჯარიებს, რომლებმაც საქართველოში ფაშისტური ლიბერალიზმის დიქტატურა დაამყარეს. რუსულად რომ ვთქვა, – „ნინია ვ ბორდე, ა ზაზა ზა ბარტომ!“ „ნინიას ბაღში“ ყოფნა არც მინდა და დიდი მადლობა „ჯიპას“ რექტორს, რომ ამ ტვირთისგან გამათავისუფლა. ხალხო, გამოფხიზლდით, საქართველოში ფაშისტური ლიბერალიზმი ბოგინობს და ეს უბედურება, რაც შეიძლება მალევე უნდა დავასრულოთ!“ – აცხადებს პროფესორი ზაზა სიამაშვილი, რომელიც „ჯიპას“ რექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები