რა დავალებები მისცა სააკაშვილმა პარტიას “სკაიპიდან”

სააკაშვილი პარტიას ქუჩაში გასვლას ავალებს. ხალხის გამოსაყვანად კი ისინი, როგორც ჩანს, ქსენოფობიურ მოწოდებებსაც არ მოერიდებიან. როგორც „პრაიმტაიმს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არაოფიციალურად დაუდასტურეს, კონკრეტული დავალებები ამ მიმართულებით უკვე გაიცა. სააკაშვილი თავის აქტივისტებს მოუწოდებს, არაბებისა და ირანელების წინააღმდეგ ლოზუნგები გამოიყენონ. ქსენოფობიური მოწოდებები დღის წესრიგში, როგორც ჩანს, მას შემდეგ დადგა, რაც სანდრო ბრეგაძემ და „ქართულმა მარშმა“ ამ თემებით ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლო. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, დღეს „ქართული მარში“ ერთადერთია, ვისაც ყველაზე მეტი ხალხის გამოყვანა შეუძლია ქუჩაში. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აიღო სააკაშვილმა ქსენოფობიურ მოწოდებებზე ორიენტაცია.

ფაქტია, რომ დიდი პროპაგანდის მიუხედავად, სხვა არანაირმა თემამ ხალხის გრძნობებზე არ იმუშავა, არც ე.წ. არაფორმალურმა მმართველობამ და არც სოციალურმა ვითარებამ.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის თქმით, საარჩევნოდ პარტიას ფინანსები არ აქვს. ამ ინფორმაციას სხვა ოპოზიციონერებიც ადასტურებენ. კულუარულ გარიგებებში ფულის თემა ნაკლებად დომინირებს. მეტიც, როგორც ერთკაციანი პარტიები აცხადებენ, საარჩევნო კამპანიის კი არა, “ნაციონალებს” ახლა ოფისების დაფინანსებასაც ვერ ახერხებენ. ეს ინფორმაციაც „პრაიმტაიმს“ საკუთარმა წყარომ დაუდასტურა. სააკაშვილთან პარტიას კომუნიკაცია “სკაიპის” საშუალებით აქვს. ერთ-ერთი ჩართვის დროს სააკაშვილმა არა მხოლოდ შავკანიანების წინააღმდეგ თემაზე „ჩამოკიდება“ დაავალა პარტიის წევრებს, არამედ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანაც – ოფისებს ვერ ვინახავთ, ფული მაინც არ გვაქვს და ქუჩაში გადაინაცვლეთო. წყარო ირწმუნება, რომ დაახლოებით ასეთი იყო მიშას ფრაზა.

ასე რომ, საარჩევნოდ ისედაც რადიკალი “ნაციონალებისგან” კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას უნდა ველოდოთ.

„ულტიმატუმი, რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა (ირანელები, არაბები, აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!“ – ეს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი აქციისწინა მოწოდებაა. ქუჩაში მართლაც ბევრი ხალხი გამოვიდა.

ირანელების, არაბებისა და აფრიკელების თემა, როგორც ჩანს, “ნაციონალების” საარჩევნო ლოზუნგებშიც გამოჩნდება. ხალხის გამოყვანის სურვილი მათაც ექნებათ – ამით ხომ ისინი საკუთარი გავლენების რეიტინგს ზომავენ.

ვინ შეასრულებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სანდრო ბრეგაძის როლს, ჯერ უცნობია. ვარაუდობენ, ამ მისიას თავის თავზე ნიკა მელია ან ლევან ხაბეიშვილი აიღებენ. რადიკალიზმით პარტიაში სწორედ ისინი გამოირჩევიან.

„ის ტიპაჟები, ვინც ანადგურებენ, უნდა გაიწიონ საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას“, – ეს უკვე სააკაშვილის განცხადებაა.

ექსპერტების შეფასებით, რთული იქნება ლიბერალური და კოსმოპოლიტური პლატფორმიდან სააკაშვილი ჰომოფობიურ და ფაშისტური ელფერის ლოზუნგებზე გადაერთოს და შედეგი მიიღოს. თუმცა, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის შეიძლება სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთოს…

ასეა თუ ისე, თავად სააკაშვილი ჯერ სოციალურად აქტიურ თემას შეეხო. სანდრო ბრეგაძისგან თუ ემიგრანტების თემა აიღო, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს საბანკო თემაში შეეცილა.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბანკები არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, ის ბანკირებს შეხვდა და მათ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზეც დაელაპარაკა.

მიხეილ სააკაშვილმა კი ეს თემა უცებ აიტაცა და ხალხს ათას ერთ ტყუილს დაჰპირდა. მაგალითად, გამარჯვების შემთხვევაში როგორ ჩამოაჭრით მათ „უსამართლო“ ვალებს და ასე შემდეგ. ექსპერტების თქმით, სააკაშვილს გაუჭირდება, ხალხი ტყუილებში დაარწმუნოს, რადგანაც ის საქართველოს 9 წელი მართავდა და ხალხს ე.წ „უსამართლო“ ვალები მაშინაც ჰქონდა.

ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ემზადება. სააკაშვილი პოლიტიკურ იმიჯს რადიკალურად იცვლის – პარტიას ოფისებიდან ქუჩაში უშვებს, თავად კი ლიბერალური პლატფორმიდან ჰომოფობიურ მოწოდებებზე გადადის…

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები