ახალი სკანდალი – პირი, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე შეიწყალა

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შემდეგ, კიდევ ერთი სკანდალური საქმე ხდება ცნობილი, რომლის ანალოგი ამ დრომდე არ მოიპოვება.

საუბარია პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ დანაშაულში მხილებული კიდევ ერთი პირის შეწყალებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ის გახლავთ, რომ შეწყალებული პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერაც მიმდინარეობს და შესაბამისად, მის მიმართ მეორე ინსტანციას საბოლოო განაჩენი არ გამოუცხადებია.

საუბარია 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე. სასამართლოში არსებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ნიკოლოზ თ-მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანისმაგვარი საგნის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მოქალაქე გიორგი უ-ს. დაზარალებულს ხუთი ჭრილობა თავისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბრალდებულის დაკავება სამართალდამცავებმა ერთი თვის შემდეგ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობიდან, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლზე გადაკვალიფიცირდა და ნიკოლოზ თ-ს სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის დაწყებამდე პრეზიდენტმა მსჯავრდებული ნიკოლოზ თ. შეიწყალა, რის საფუძველზეც ის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკოლოზ თ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, გამოდის, რომ ის იქნება პირველი წინასწარ შეწყალებული მსჯავრდებული.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები