მამუკა არეშიძე: „FREEDOM HOUSE “- ის ანგარიშის ამ სახით გაკეთება ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა

ექსპერტი მამუკა არეშიძე “FREEDOM HOUSE” –ის ანგარიშს აფასებს.

– ბატონო მამუკა, თუ გაეცანით “FREEDOM HOUSE”-ის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს ნაწილს?

– კი, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ველოდი კიდეც ამ ორგანიზაციისგან საქართველოსთვის რეიტინგის დაწევას. ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, არის გადაჭარბებული, უფრო სწორედ, გადამლაშებული მონდომება, ესიამოვნებინათ სააკაშვილისთვის.

– რა შუაშია სააკაშვილი “FREEDOM HOUSE”-ს ანგარიშთან?

 -თქვენ თვითონ ხომ წაიკითხეთ ანგარიში?

– რასაკვირველია, გავეცანით ყველა პუნქტს…

-არ დაგრჩათ განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მესიჯ ბოქსს კითხულობდით? ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ხომ ზუსტად იმავე ტექსტით საუბრობენ ნაციონალები? იგივეს იმეორებს ეს ანგარიშიც. საზმაუზეც საუბრობენ და იგივეს იმეორებს FREEDOM HOUSE-იც, სააკაშვილის საქმეზე აღარ ვლაპარაკობ, ესეც გასაგებია, სასამართლო სისტემაზეც თუთიყუშივით იმეორებენ ნაციონალების მესიჯს, მედიის მდგომარეობაზეც, კარგი, ამასაც ახსნიდა კაცი, მაგრამ გადამლაშება იცით რაში მოუვიდათ? როცა ახსენეს ციხეების მდგომარეობა და პანორამა თბილისი, რა შუაში იყო ან ერთი, ან მეორე თემა? ვინ დაიჯერებს დღევანდელ საქართველოში, რომ დღევანდელი პენიტენციური სისტემა შეიძლება შეადარო სააკაშვილის ციხეებს? ან როგორ შეიძლებოდა დღევანდელი მედიის შედარება ნაციონალების მედიასთან? ან საერთოდ რა შუაში იყო პანორამა? თავი გაიმასხარავა FREEDOM HOUSE-მა.

-ბატონო მამუკა, “FREEDOM HOUSE” როგორც წესი, ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს მონაცემებს და ისე ადგენს რეიტინგებს.

– ხომ წაიკითხეთ ანგარიში? მითხარით მაშინ, რომელ პუნქტში არის განსხვავება ნაციონალების მესიჯებთან? არცერთში. პირიქით, FREEDOM HOUSE -მა მგონი კოპი პეისტით გადაიტანა მესიჯები და ცოტა ზედმეტიც მოუვიდა მონდომება.

– რატომ უნდა ქონოდა ეს ინტერესეი “FREEDOM HOUSE”-ს?

-მე ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ “FREEDOM HOUSE” ასეთ დასკვნას ამზადებდა, ჩემი წყაროები მაქვს და მათ შორის, იყო ინფორმაციაც, რომ ანგარიშის ამ სახით გაკეთება ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა.

-რისი თქმა გინდათ, რომ “FREEDOM HOUSE”-მა ანგარიშში ფული აიღო?

არაფრის თქმა არ მინდა, გეუბნებით, რომ მარტის დასაწყისშივე მქონდა ინფორმაცია, რომ პირადად სააკაშვილი და მისი გუნდი აქტიურობდა და არა მხოლოდ “FREEDOM HOUSE”-ეს მიმართულებით და იმავე პერიოდში იყო ინფორმაცია 500 000 დოლარიან „ჰონორარზე“, რომელიც სავარაუდოდ, გადაუხადეს ამ ორგანიზაციასთან დაახლოებულ პირს. წესით ასეთი პოლიტიკური გარიგებების და საინფორმაციო დივერსიების ალბათობებს უნდა სწავლობდნენ შესაბამისი სამსახურები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან ასეთი დონის მუშაობას არც ველოდი. ან საგარეო უწყება არ გვყავს რომ ემუშავა “FREEDOM HOUSE”-ესთან ვინმე რომ დაინტერესებულიყო, საკმარისი იქნებოდა მცირედი მონდომება და ფაქტებით შეიძლებოდა ყველა ბრალდების გაუვნებელყოფა. ნაციონალები რომ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ეს რამე სიახლეა ხელისუფლებისთვის? მე არ მესმის.

-ბატონო მამუკა, რა შედეგს მოუტანს “FREEDOM HOUSE”-ის ანგარიში საქართველოს?

-ნუ გავაფეტიშებთ ამ ამბავს, მითუმეტეს, რომ “FREEDOM HOUSE”-ის ნაციონალურმა ანგარიშმა, ასეთი ტენდენციურობის მიუხედავად, მაინც ვერ შეცვალა რეალობა. სამხრეთ კავკასიაში საქართველო კვლავ ლიდერია დემოკრატიაში. არაფერი ტრაგიკული არ ხდება, შეიძლება უკეთესიცაა, ამ ხელისუფლებას იქნებ გაუჩნდეს სტიმული და დაიწყოს საინფორმაციო დივერსიებისგან დაცვის მექანიზმებზე მუშაობა.

http://primetime.ge/news/1523548851-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები