“ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საზოგადოებას უპასუხოს, რატომ შეიწყალა 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანი.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ქორიძე შეიწყალა, მან ორმაგი და სამმაგი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ამასთან, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, „ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს“.
“გეტყვით, რომ ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე კანდიდატს რაიმე კონკურენციას გაუწევს. გიორგი მარგველაშვილმა, ჩემი აზრით, ჯერ პასუხი საზოგადოების იმ კითხვას უნდა გასცეს, რომელიც შეეხება 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანის შეწყალებას. გიორგი მარგველაშვილი კითხვას იმიტომ არიდებს თავს, რომ ამ საქმეში ყველაფერი მთლად სუფთად არ არის, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა. პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის მმართველია, მან საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს. შეწყალების ერთადერთი მიზანია, რომ შემწყალებელმა მიიჩნია, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი აღარ იყო. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შემთხვევაში ქორიძემ ორმაგი და სამმაგი დანაშაული ჩაიდინა. პასუხი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ძალიან არასერიოზულია”, – აცხადებს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები