ამირან სალუქვაძე: გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, ყველანი უნდა გავერთიანდეთ
საერთაშორისო მხარდაჭერის და დეოკუპაციის მიმართულებით, მთავრობის საქმიანობის ირგვლივ, გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.
„თქვენს თხოვნასაც ვითვალისწინებ, ჩემს განწყობასაც. შესაბამისად, ძველი აქტივობით არა, მაგრამ პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე მოსაზრებებს მნიშვნელოვან თემებზე.
წინა კვირა საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი აქტით აღინიშნა, რასაც ფონად ხელისუფლების ოპონენტთა მწვავე კრიტიკა ახლდა ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებზეც საერთაშორისო არენაზე მხარს გვიჭერენ.სულაც არ მაინტერესებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი, იკამათეთ რამდენსაც აიტანს
საინფორმაციო სივრცე. დუღილი უხდება პოლიტიკურ ცხოვრებას. მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ დეოკუპაციის საკითხებში ერთმანეთს არ ებრძოლოთ და საერთაშორისო არენაზე შეთანხმებულად, ერთიანი ძალისხმევით იმოქმედოთ? ასე ხომ მეტს მოიგებს ქვეყანა?!
ვისმენ, რომ საქართველოს საკითხი რუსეთ-დასავლეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოსო.
სადმე ხედავთ რუსეთ-დასავლეთის ან აშშ-რუსეთის დღის წესრიგს? უკვე წელიწადზე მეტია საერთოდ არანაირი დღის წესრიგი არ არსებობს. მეტიც, რუსეთ-დასავლეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომია. გამალებულ შეიარაღებასა და ცივ ომზე ბევრჯერ დავწერე და აღარ განვმეორდები.
მოკლედ, არ ვიცი რომელ დღის წესრიგზეა საუბარი, სად უნდა შეიტანონ საქართველოს საკითხი. მეც მოვუწოდებდი, ასე ორი წლის, წინ დიპლომატიის გააქტიურებისკენ, განსაკუთრებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რათა, მსოფლიოში დაძაბულობის მატების ფონზე, დროულად მომხდარიყო ახალ ადმინისტრაციასთან საჭირო, მჭიდრო კავშირების დამყარება.
მაგრამ, ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის დატვირთული ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრა დონალდ ტრამპთან, ასევე სხვა მნიშვნელოვან პირებთან. მანამდეც და შემდეგაც განხორციელდა უამრავი სხვადასხვა დონის ორმხრივი ვიზიტი. ცალკე აღსანიშნავია თბილისში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ჩამოსვლა. ამ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო გახსენებთ, რომ ერთი წლის მანძილზე განხორციელებული დიპლომატიური აქტივობები აღვიდგინოთ.
თუ სწორად მახსოვს, აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს საკითხი უკვე მეორედ ხვდება. მედია სივრცეში მხოლოდ ერთი დღის მანძილზე საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტებით შემოვიფარგლეთ. ისეთ შეფასებებს ვისმენ, თითქოს ამერიკა ჩვენკენაა და ჩვენ ეშმაკისკენ. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ, ეს ჩანაწერი გაკეთდებოდა ან 105 მილიონის გამოყოფა მოხდებოდა?
ამ ჩანაწერის მნიშვნელობა მხოლოდ ფინანსების კუთხით არ უნდა დავინახოთ. როგორც ვიცით, გამოყოფილი 105 მლნ აშშ დოლარის დიდი ნაწილი თავდაცვას მოხმარდება. ასევე, დაფინანსებას ვერ მიიღებენ სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს.
მაგრამ, მთავრი ზუსტად ისაა, რომ ბიუჯეტის კანონში საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერით არაღიარების საკითხი ამერიკამ არა მხოლოდ რუსეთ-დასავლეთის, არამედ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში დააყენა.
იმდენ უაზრო თემაზე ვხარჯავთ საეთერო დროს და ვაწყობთ თოქ-შოუებს, კარგი იქნებოდა, რომ ამ საკითხზე გემსჯელათ, აგეხსნათ საზოგადოებისთვის, თუ რატომ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება, როგორი პრაქტიკა არსებობს, რას გვაძლევს, როგორ გამოვიყენოთ ეფექტიანად არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების კუთხით და ა.შ.ისეთი განხილვები უნდა მოგვეწყო, რომ გაეგო ყველას, მავთულხლართებს იქითაც, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეს ორი რეგიონი ოკუპაციის ქვეშაა და ესაა რეალობა და არა ის, რასაც ლავროვი გვთავაზობს. ჩვენ კი, პრემიერის მიმართვაში, არარსებულს ვეძებთ. თითქოს ვინმე აპირებდეს სოხუმის ან ცხინვალის საერთაშორისო სამართლის თბილისთან თანაბარ სუბიექტებად ცნობას.
განცხადების ტექსტი ყველას მოეწონა: ამერიკის ელჩს. ნატოს გენმდივანს, ევროკავშირის ელჩს, შვეიცარიის დელეგაციას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და ა.შ. მხოლოდ ჩვენთან დაიწუნეს. კარგი თემაა პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ამ თითიდან გამოწოვილი ხმაურით კი ვის ვავნეთ, პრემიერს, თუ ჩვენს დელეგაციას, რომელსაც სრულიად გაუგებარი საინფორმაციო ფონი შევუქმენით ჟენევის მოლაპარაკებების წინ? ამ დროს პირიქით უნდა ხდებოდეს. ყველანი უნდა შეიკრიბოთ, იმსჯელოთ მთავრობასთან, უმრავლესობასთან ერთად და დელეგაცია ერთიანი, მყარი, შეჯერებული პოზიციით, ზურგგამაგრებული გაუშვათ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე.
სანამ ასეთ მიდგომას არ ვისწავლით, ნუ გვექნება წარმატების იმედი.
მეორე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი აქტი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის მიღება, რომელშიც ცალსახად და მკაფიოდ არის დაცული ჩვენი პოზიციები, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, საუბარია დევნილთა უპირობო დაბრუნებაზე. ვიმეორებ, რეზოლუციის ინიციატორი არის საქართველო. შესაბამისად, მთავრობა თუ ასეთ რეზოლუციას ამზადებს და პასუხისმგებელ მხარედ რუსეთს მიიჩნევს, სად ხედავთ პრობლემას?
აღნიშნული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი აქტია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით. თუ ასევე სწორად მახსოვს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მეორედ მიიღო ასეთი მხარდამჭერი აქტი. პირველი რეზოლუცია მიღებული იქნა შარშან (დავაზუსტებ).
აი ესაა მოკლედ ბოლო ერთი წლის მიმოხილვა და დეოკუპაციის მხარდამჭერი პროცესები. კიდევ ერთხელ: წარმატებული მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან, საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი აშშ-ს კანონში და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, ასევე მახსენდება, სულ ახლახანს, აშშ-ს განცხადება ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.
ამ საერთაშორისო მხარდაჭერის და დეოკუპაციის მიმართულებით მთავრობის საქმიანობის ირგვლივ, გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინაა დღეს ხელისუფლებაში ან ვინ იქნება ხვალ. ამ ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხში, ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად, ერთ პოზიციაზე. მით უმეტეს, რომ მთავრობის ქმედებებში ამ მიმართულებით უარყოფითს ვერ ვხედავ. თუ გულახდილები ვიქნებით და ვაღიარებთ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, წარმატებასაც დავინახავთ.
ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაააქტიუროს და უზრუნველყოს სხვადასხვა ფორუმების, კონფერენციების ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე, წაახალისოს ანალიტიკური საქმიანობა დეოკუპაციის თემატიკაზე. ასეთი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს პოზიციების შეჯერება და საზოგადოების გაერთიანება ყველაზე მთავარი საკითხის და ფასეულობის ირგვლივ“,-წერს ამირან სალუქვაძე.