რევაზ სოხაძე: ოპოზიციის მიერ მოწყობილი განხილვა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის თემაზე მიმდინარე შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისის მერიის კარი გენგეგმის განხილვასთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის ღიაა. რევაზ სოხაძე აღნიშნავს, რომ თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ცალკე გადაწყვეტს ამ თემაზე განხილვის მოწყობას, ეს მათი უფლებაა, თუმცა რეალური შედეგის მომტანი ასეთი განხილვა არ იქნება.

„ჩვენ მზად ვართ იმ ფორმატში მუშაობისთვის, რაც თბილისის მერიამ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და დარგის ექსპერტებს შესთავაზა. ეს პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, თბილისის მერიაში ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. თუმცა ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვა არ სურთ და ეს კარგად გამოჩნდა პარასკევს გამართულ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას ვიხილავდით და ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურმა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს გარკვეული შენიშვნები უკვე წარუდგინა და ამ შენიშვნებზე მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები