აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

5 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონსტანტინე წერეთელი (1921-2004 წწ.) იყო ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი დაარსების დღიდან (1960წ.).
მისი ინიციატივით, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. იგი 1994 წელს განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. არამეულ დიალექტოლოგიაში მისმა შრომებმა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი. ბავშვობიდან აქტიურად ჩაბმული ებრაელთა დასახლების დასახმარებელ აქციაში. ჯერ კიდევ, 7 წლის იყო, როცა ქუთაისში ებრაელთა დასახლება დაიწვა და ქარვასლაში, სადაც ებრაელთა დახმარების ორგანიზაცია მოქმედებდა. კოტე წერეთელი თანატოლებთან ერთად დადიოდა ქუჩაში და ხალხს ებრაელთა დახმარებას სთხოვდა.
კოტე წერეთელი არამეული დიალექტოლოგიის მამამთავრად ითვლება. 314-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ქართულ, რუსულ ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, არაბულ, ებრაულ და სხვა ენებზე. მისი რედაქტორობით გამოცემულია 30 წიგნი.
კოტე წერეთლის მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის ღერძი არამეისტიკა და ებრაისტიკა იყო. დღეს არამეული დიალექტოლოგიის კვლევა წარმატებით მიმდინარეობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ბატონი კოტე სამართლიანად ითვლება არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლად. განუზომელია მისი წვლილი ძველი და ახალი არამეულის და ასევე, ებრაული ენის კვლევის საქმეში. დიდი ადგილი ეთმობა კოტე წერეთლის შემოქმედებაში ებრაულ-არამეულ ეპიგრაფიკას.
იგი არაერთხელ წარმსდგარა მსმენელების წინაშე ლექციებითა და მოხსენებებით როგორც საქართველოში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში და თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტში), ისე საზღვარგარეთ (გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, ფინეთში, პოლონეთში, რუსეთში, ერაყში, ინდოეთში, ავსტრალიაში, ისრაელსა და იაპონიაში).
გამოქვეყნებული წიგნებიდან მნიშვნელოვანია: ,,ნარკვევები თანამედროვე ასურული დიალექტების შედარებითი ფონეტიკისა” (1958); ,,თანამედროვე ასურულის ქრესტომატია ლექსიკონითურთ” (1958); ,,თანამედროვე ასურული ენა”, ,,მასალები არამეული დიალექტოლოგიისთვის” (1965); ,,თანამედროვე ასურული ენის გრამატიკა”(1968); ,,ასურული ენა” (1970); ,,ასურული ზღაპრები” (1975); ,,ტექსტების ნიმუშები თანამედროვე ასურული ენის სალამასის დიალექტზე” (1976); ,,არამეული ენა”(1982); ,,ბიბლიის ებრაული ენა” (2001) და სხვა უამრავი სამეცნიერო სტატია.
კოტე წერეთელი არჩეულია გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეთა სამეცნიერო საზოგადოებისა და გერმანიის აღმოსავლეთის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილ წევრად (1971), ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციების შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის (1975), და ამერიკის ორიენტალისტური საზოგადოების საპატიო წევრად (1978). მის სახელთან ჯილდოების ვრცელი სიაა დაკავშირებული: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 პირველი ხარისხის სამეცნიერო პრემია; ივ.ჯავახიშვილის მედალი (1978); ჰელსინკის უნივერსიტეტის მედალი (1979); ი.ჯავახიშვილის პრემია (1980); საპატიო ნიშნის ორდენი (1981); შრომის ვეტერანის მედალი (1987); აკად. გ. წერეთლის პრემია (1989); ღირსების ორდენი (1996); სახელმწიფო პრემია(1998); თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (1999); ისრაელის მეცნიერებათა ალბერტ აინშტაინის მედალი (1999).
შეხვედრის ორგანიზატორები არიან: თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები