მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები უკვე საქართველოშია

 ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზაბუონაროტის“ მუზეუმიდან, რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.
მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები უკვე საქართველოშია და 2 თებერვლიდან, ეროვნული გალერეა მის ექვს გრაფიკულ ნამუშევარს  უმასპინძლებს. მხატვრის ორიგინალი ნამუშევრების ექსპოზიცია საქართველოში მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ჩეკიმ ჩამოიტანა. ნამუშევრები ეროვნული გალერეის საექსპოზიცო დარბაზში დაკიდეს.
სიცოცხლეშივე ყველა დროის უდიდეს ხელოვანად აღიარებულმა მიქელანჯელომ, გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით, სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქანდაკებასა და მხატვრობაში და საკუთარი შემოქმედებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი გენიოსთა შორის.ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა” და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა“. ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად.”
გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიი სსაელჩოსაქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი ,,Check in Georgia” დასს „ვითიბი ბანკი ჯორჯია”; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL’italiana”. გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზაბუონაროტი” და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.
თბილისში გამოფენა 3 აპრილამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები