“წითელას” შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია ჩაინიშნა

საქართველოში „წითელას“ შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან. უწყების ცნობით, პრესკონფერენცია რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული, საუბარი იმუნიზაციის საკითხებს შეეხება.

შეგახსენებთ, წითელას ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა წელს აჭარაში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ იანვრის პირველ ნახევარში 35-ზე მეტი შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია. მისივე თქმით, წელს შემთხვევების 24 პროცენტი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ვაქცინაციამდელი ასაკია და ვირუსის კონტაქტური გზით გადაცემას უკავშირდება. წითელას ვაქცინაცია ერთი და ხუთი წლის ასაკში ტარდება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, რამდენიმე დღის წინ „კვირასთან“ საუბარში, მოსახლეობას „წითელაზე“ აცრისკენ მოუწოდა.

„ჩვენი თხოვნაა, რომ მოსახლეობა აიცრას „წითელაზე“, ვაქცინა არის არამარტო ბავშვებისთვის უფასო, არამედ ყველასთვის. წითელა, წითურა, ყბაყურა უაფასოა. ყველა უფასოა კალენდარში შემავალი 12-ვე ვაქცინა. თუ არ აიცრებიან, რა თქმა უნდა, იქნება საგანგაშო, იმიტომ რომ ყველას შეიძლება დაემართოს, ყველა ასაკში… ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად გამოყენონ შესაძლებობა – სახელმწიფო სთავაზობს უფასო აცრას. რაც მართლა ყურადღება მისაქცევია ეს არის წითელა, თან გადამდებია ძალიან და ამავე დროს შესაძლოა ფატალურადაც დამთავრეს. ამიტომ ვურჩევთ ყველას, რომ არის ვაქცინა, იყვნენ აცრილები წითელაზე და დაიზღვიონ თავი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები