შეხედულება, რომ სამხედრო კუთხით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია, პრორუსულ განწყობასთან არ უნდა გავაიგივოთ – ანალიტიკოსები NDI-ს კვლევაზე

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი აშშ-ზე ძლიერია. 36%-ის აზრით, აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები რუსეთისას აჭარბებს, ხოლო 15%-ის აზრით, ეს ორი ქვეყანა თანაბარი სიძლიერისაა.

რამდენად საგანგაშოა და რა ფაქტორებით არის გამოწვეული აღნიშნული მაჩვენებელი, როგორ შეიძლება აიხსნას საზოგადოებაში ამგვარი განწყობის არსებობა – „კვირასთან“ ამ საკითხებზე ანალიტიკოსები საუბრობენ. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კვლევის შედეგში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს რომ აღნიშნული რეზულტატი ქვეყანაში პრორუსული განწყობების ზრდასთან არ უნდა გავაიგივოთ.

სალუქვაძე NDI-ის მიერვე კვლევის ფარგლებში ნატოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია, ზედმეტი აჟიოტაჟის გამოწვევა უსაფუძვლოა. მეტიც, მისი თქმით, მსგავსი შედეგების გამოქვეყნება და ხმაური ირიბად რუსულ პროპაგანდას უწყობს ხელს. „ამავე კვლევის შედეგებით ჩანს, რომ ნატოსთან მიმართებაში ქართული საზოგადოების დამოკიდებულება არ იცვლება, მოსახლეობის მხარდაჭერა კვალავაც მტკიცეა დასავლური კურსის, კერძოდ ნატოში გაწევრიანების კუთხით, ამის ფონზე აჟიოტაჟის ატეხვა არასწორად დასმული კითხვის გამო, ჩემი აზრით, დროის კარგვაა. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როცა ასეთი სახის გამოკითხვების შედეგებს აქვეყნებენ და შემდეგ ამის ირგვლივ პანიკას ქმიან, – ეს ირიბად რუსულ პროპაგანდას უფრო უწყობს ხელს და რუსეთის უძლეველობის მითს ამყარებს. შესაძლოა გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა სწორად ვერ გაიგო კითხვა, სიძლიერე აღიქვა, როგორც საშიშროება, აგრესია და ამიტომ უპასუხა, რომ რუსეთი უფრო ძლიერია სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, ვიდრე ამერიკა. რუსეთის უძლეველობის მითი – შესაძლოა შიშებისგან იყოს გამოწვეული. საინტერესოა რესპოდენტთა კვალიფიკაცია სამხედრო საკითხებში, დიდი ალბათობით ამ მხრივ მათი ცოდნა ძალიან დაბალია. დარწმუნებული ვარ, 2300 ადამიანიდან 2290 საერთოდ არ არის ჩახედული რა შეიარაღებას ფლობს აშშ ან რუსეთი, როგორია მათი საბრძოლო მზადყოფნა, ბიუჯეტი, წვრთნების ინტენსივობა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება და ა.შ. იმიტომ, რომ გამოკითხვა ჩატარდა არა ერთ, არამედ სხვადასხვა სფეროს ადამიანებში და არა ერთ კონკრეტულ სეგმენტზე. ნატოს საზოგადოება უსაფრთხოების გამო ირჩევს და თუ ჩვენი საზოგადოების ნატოსადმი სწრაფვის სურვილი კვლავ მყარია, საინტერესოა რატომ აირჩევდა ის სუსტს, თუ თვლის, რომ აშშ, სამხედრო კუთხით, რუსეთს ჩამორჩება, ასე რომ, ვფიქრობ, ზედმეტი პანიკის დათესვა არამიზანშეწონილია“, –აცხადებს ამირან სალუქვაძე.

გამოკითხვის კონკრეტულ შედეგებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

ალადაშვილი თვლის, რომ ქართულ მოსახლეობაში აღნიშნული შეხედულების არსებობა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებით უფროა ნაკარნახევი და არა სხვა გარემოებებით. რაც შეეხება საკითხს – აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები რუსეთისას აჭარბებს, თუ პირიქით, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვაზე გადაჭრით, ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. „ამ გამოკითხვაში საგანგაშო არც არაფერია, აქ გასათვალისწინებელია ერთი წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი, მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა აღადგინა – ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ჯერ ირიბად გვებრძოდა (აფხაზეთის მოვლენები) და შემდეგ პირდაპირ 2008 წლის აგვისტოს ომს ვგულისხმობ, ამიტომ მოსახლეობაში არის რუსეთიდან მომავალი შიში, საფრთხე გამჯდარი, მოსახლეობამ ეს საფრთხე საკუთარ თავზე განიცადა, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებმა. რაც შეეხება იმას, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერია თუ რუსეთი, აშშ–ს და რუსეთის გენერალურ შტაბებსაც გაუჭირდებათ თქვან, კონკრეტულ მიმართულებაში –ეს იქნება ავიაცია, სტრატეგიული შეიარაღება, საზღვაო თუ სახმელეთო. თუ ავიღებთ რადიოელექტრონულ მიმართულებას, აქ უფრო ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა ბოლო პერიოდში, სწორედ 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდგომ, რუსეთმა დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების სერიოზული რეფორმირება, რაც დასავლეთს გამოეპარა, ამაზე რეაგირება დააგვიანა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა – რუსეთმა დაინახა, რომ აგვისტოს ომის დროს, მასთან შედარებით სუსტ საქართველოსთანაც კი გარკვეულწილად, პირველ ეტაპზე გაუჭირდა სამხედრო უპირატესობის მოპოვება. ამერიკაც და აშშ-ც არის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, ეს უკვე ბევრ რამეს ცვლის – ტანკების და თვითმფრინავების რაოდენობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბირთვული ომის შემთხვევაში, გამარჯვებული არავინ იქნება, ორივე ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტებში“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კვლევა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. CRRC- მ კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში აწარმოა. კვლევა 2 298 დასრულებულ ინტერვიუს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები