“ხეობის წარმომადგენლები თუ ასეთ საქმეში არიან გარეული, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობთ” – რას აცხადებენ პანკისელი უხუცესები
პანკისის ხეობის მოსახლეობა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელის. უხუცესთა საბჭოს წევრები თავდაპირველი ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, ამჟამად, ზედმეტი კომენტარებისგან თავს იკავებენ და ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან. 19 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ, აზრთა სხვადასხვაობა, ტრადიციულ ისლამისტებსა და რადიკალ ისლამისტებს შორის, უფრო აშკარა გახდა. პანკისში საგვარეულო დაპირისპირების საფრთხე მატულობს. ამიტომ, უხუცესთა საბჭოს წევრები ფრთხილობენ და მედიასთან ზოგიერთ საკითხზე ღიად საუბარი უჭირთ.
ამასთან, პანკისელი უხუცესები ერთხმად თანხმდებიან, რომ თუ გამოძიებამ 19 წლის მოზარდის ტერორისტებთან კავშირი დაადასტურა, ეს არამარტო ოჯახის, არამედ მთელი პანკისის ხეობის და საქართველოს სირცხვილი იქნება.
გამოძიების შედეგს ელოდება საზოგადოებაც. პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი პანკისის ხეობაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ დაძაბულობას და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. ორგანიზაცია „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს უთანაგრძნობს და ამბობს, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირების ახალი საფრთხე არსებობს.
ზაალ კასრელიშვილის განმარტებით, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პანკისის ხეობის მოსახლეობაში გაჩენილი აზრთა სხვადასხვა მისთვის გასაგებია. პოლიტოლოგი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მათ შორის. პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, პანკისის ხეობის უხუცესები მორალური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. უხუცესებმა, თუ ამა თუ იმ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს, მათ, ამის გამო პასუხი უნდა აგონ. ფაქტია, პანკისის ხეობაში საგვარეულო დაპირისპირებები არავის აწყობს. პანკისის ხეობაშიც არ არის ერთიანი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით, იმთავითვე განსხვავებულ პოზიციებზე დგანან ტრადიციული ისლამის წარმომადგენლები, ე.წ. ტრადიციული პანკისელები და არატრადიციული, რადიკალი ისლამისტები – ვაჰაბის მიმდევარი პანკისელები. აქ საუბარია ვაჰაბისტებსა და ტრადიციული ისლამის მიმდევრებს შორის დაპირიპირებაზე. იმისდა მიხედვით, მომდევნო დღეებში რა დადგინდება და რა დადასტურდება, უხუცესებმა და ვაჰაბისტებმაც თავიანთ განცხადებებზე პასუხი უნდა აგონ. ამის გამო ფრთხილობენ, რაც ბუნებრივია. სწორედ ეს არის კავკასიის ხალხებში სტრატეგიაც და ტაქტიკაც. სწორედ იმიტომ, რომ პანკისის ხეობაში კიდევ უფრო არ გაღრმავდეს დაპირისპირება ვაჰაბისტებსა და ტრადიციულ ისლამის მიმდევრებს შორის და დაპირისპირების ახალი კერა არ გაჩნდეს, უხუცესები, ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანები აკეთებენ განცხადებებს პასუხისმგებლობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაპირისპირება. აქ საუბარია გვაროვნულ დაპირისპირებაზე და ვაჰაბისტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებაზე“, – აცხადებს კასრელიშვილი.
ამასთან, ზაალ კასრელიშვილი კატეგორიულია და ზოგიერთ პოლიტიკოსს მოუწოდებს, საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილონ, არაფრისმთქმელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ და გამოძიების შედეგებს დაელოდნენ.
ანალიტიკოსი, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც ყოფილმა პარლამენტარმა ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.
ზაალ კასრელიშვილი „კვირასთან“ საუბრისას ნუგზარ წიკლაურის განცხადებას იხსენებს და ყოფილ პარლამენტარს ურჩევს, სამარცხვინო და სასაცილო განცხადებებისგან თავი შეიკავოს.
„პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, თავდაპირველად, ქართული მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ძალიან ცუდი დისონანსი და აჟიოტაჟი შეიტანა ამ პროცესებში. იმის გამო, რომ ხელისუფლება დაემცირებინათ და ხელისუფლების უუნარობისთვის ხაზი გაესვათ, ზოგიერთების მხრიდან მოხდა პანკისელების წაქეზება, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების მხარდაჭერაზე გაეკეთებინათ აქცენტი. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ყველა საზღვარს გასცდა. წიკლაურის განცხადება იყო სამარცხვინო, სასაცილო და არაკაცური. ლაფანყურის მომწყობი „ნაცმოძრაობა“ ალაპარაკდა სახელმწიფოს ჰუმანურობაზე და არაადეკვატურ რეაქციაზე, სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არაადაეკვატურ რეაქციაზე ალაპარაკდნენ. რა თქმა უნდა, პანკისის ხეობაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხადამჭერები, რა თქმა უნდა, პანკისის ხეობაში არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანებიც და რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ, პანკისის ხეობის მოსახლეობას უფრო მეტი ანგარიში გაუწიონ, ვიდრე რალობას. ვის რაში სჭირდება ერთმანეთთან დაპირისპირება?! ამისათვის არსებობს სასამართლო, ამისათვის არსებობენ საგამოძიებო ორგანოები, ამისათვის არსებობენ საერთაშორისო ინსტუტუტები, მაგალითად, სტარსბურგის სასამართლო, _ თუ ვინმე ჩათვლის, რომ საკუთარი ქვეყანის სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, მიმართოს სტრაბურგს და ყველაფერი დალაგდება, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია“ – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ სასამართლოზე ყველაფერს პასუხი გაეცემა. ამასთან, ზაალ კასრელიშვილი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება, მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით, გასცემს კითხვაზე პასუხს, ჰქონდა თუ არა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ახმედ ჩატაევთან.
ამასთან, ზაალ კასრელიშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი თავისი ქმედებებით საშიში იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის.
„ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით გავარკვიეთ, რომ ახმეტ ჩატაევი საქართველოში საკუთარი ინიციტივით შემოვიდა. იმიტომ, რომ მას უნდოდა, საკუთარი შელახული ავტორიტეტი აღედგინა ისლამური სახელმწიფოს წინაშე. იგი საფრთხის წინაშე აყენებდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ კავკასიის რეგიონს. ამ კაცის საქმიანობა საშუალებას მისცემდა რუსეთის ფედერალურ ჯარებს, მთელი კავკასია დაეფარათ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციების ცეცხლით და მახვილით. ამიტომ უნდა იმუშაოს საგამოძიებო უწყებამ დროულად და დადოს შედეგი“ – ამბობს კასრელიშვილი.
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები „კვირას“ შეკითხვებს უხერხულად მიიჩნევენ და პასუხისმგებლობაზე საუბარი უჭირთ.
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ზაურ გუმაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ადამიანი საკუთარ საქციელზე თავად აგებს პასუხს. მას ამ თემაზე საუბარი უჭირს და უხერხულადაც მიაჩნია. გარდა ამისა, გუმაშვილი ამბობს, რომ ეს თუ დადასტურდა, უხერხულია, არა მარტო მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი პანკისის ხეობისთვის, წარმოუდგენელია ასეთი რამ. ამიტომ პანკისელები ამ დროისათვის ექსპერტიზის პასუხს და გამოძიების შედეგს მოუთმენლად ელიან.
„ჩვენი პასუხისმგებლობის აღების საკითხი, ცოტა რთულია. ადამიანი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრის თაობაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას, დღეს ისეთი მომენტია, რომ ყველა ადამიანი თავისივე საქციელზე აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ოჯახებზე და ვცდილობთ, რომ საზოგადოების საქმიანობა ნორმალურ კალაპოტში წარვმართოთ, შესაძლებლობების ფარგლებში. ეს შეკითხვა, თქვენი მხრიდან, უადგილო მგონია, რადგან მე რომ ვიღაცის ქმედებაზე პასუხისმგებლობა ავიღო, ან ჩვენმა უხუცესებმა აიღონ, ცოტა რთული საკითხია. მოუთმენლად ველოდებით გამოძიების შედეგებს. გამოძიებამ უნდა დაადასტუროს მაჩალიკაშვილისა და ტერორისტული ჯგუფის წევრების კავშირი, ამის დადასტურებას ფაქტები უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ ეს კავშირი არ დადასტურდეს, იმიტომ, რომ ხეობის წარმომადგენლები თუ ასეთ საქმეში არიან გარეული, ჩვენ თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობთ. ეს ისეთი საკითხებია, რაზეც ჩვენ თამამად და ღიად საუბარი გვიჭირს. არ შეიძლება, მით უფრო, ჩემნაირი ადამიანისგან, ზედმეტი პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე და ვისაუბრო, წარმოუდგენელია ასეთი რამ, მაგრამ თუ დადასტურდა, ძალიან დასანანი იქნება, ძალიან! საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სურვილია, რომ ეს არ დადასტურდეს, მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, თუ რამე შემიძლია და დავეხმარებოდი გამოძიებას, რომ სიმართლე გაირკვეს. მთელი ჩვენი პანკისის საზოგადოების ინტერესიც სწორედ ეს არის, რომ მაჩილაკაშვილის კავშირი ტერორისტებთან არ დადასტურდეს, ეს წარმოუდგენელია ჩვენთვის, ჩვენი 200 წლიანი ისტორიისა და აქ ცხოვრების მანძილზე, ასეთი უხერხული სიტუაცია, როგორიც ამჟამად არის , არასდროს გვქონია! იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა – საქართველოა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს საკითხი, ვიდრე სხვა რომელიმე რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის. ამიტომ, გამოძიების შედეგს ჩვენთვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა“ – ამბობს „კვირასთან“ საუბარში პანკისელი უხუცესი ზაურ გუმაშვილი.
უხერხულად მიაჩნია წინასწარ საუბარი, პანკისის კიდევ ერთ უხუცესს ზელიმხან წუწაშვილს. უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ობიექტური გამოძიების ფარგლებში, ყველაფერი გაირკვევა და წინასწარ არაფერზე საუბრობს.
„ჩვენი, ყველას სურვილია, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და სიმართლე გაირკვეს. დადასტურებას კი, ფაქტები უნდა. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, ამჟამად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. თუ დადასტურდა, რომ მაჩილაკაშვილს კავშირი ჰქონდა ტერორიტებთან, ეს ძალიან ცუდი იქნება არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი ხეობისთვის, მთელი საქართველოსთვის იქნება ცუდი. ობიექტური გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ ამაზე“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ზელიმხან წუწაშვილი.
ანალოგიური კითხვით, „კვირა“ კიდევ ერთ უხუცესს დაუკავშირდა. თუმცა, ხასო ხანგოშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ცნობისათვის, 2018 წლის, 10 იანვარს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამთენიისას უკიდურესად გართულდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პაციენტი თითქმის ორი კვირა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.