მარინა ჭავჭანიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების აუცილებლობაზე საუბრობს
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის მარინა ჭავჭანიძის თქმით, პორტუგალიამ დეკრიმინალიზაციის სავსე პროგრამა განახორციელა, რომლის თანახმად ადამიანს, საკუთარი მოხმარებისთვის, 10 დღის დოზა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს შემჩნეული, რომ ამას ყიდის.
„ანუ ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება, ის შენთვის გინდა თუ გასაყიდად. უნდა დაამტკიცო, რომ გაყიდვას არ აპირებ. ჩვენთან ნარკოპოლიტიკის კანონებში ასეთი იდეა არ დევს. პორტუგალიაში ასევე შექმნეს ნარკოტიკების შემცირების ხელშეწმყობი ბიუროები, რომლებიც განიხილავენ მომხმარებლის მიერ ჩადენილ დანაშაულს და სთავაზობენ, ან იმკურნალოს, ან ჩადენილი დანაშაულის გამო ჩაჯდეს ციხეში“- აცხადებს მარინა ჭავჭანიძე.
მისი თქმით, ნარკოტიკის მომხმარებელს დაფიქრების საშუალებას აძლევენ.
„მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი, იარონ შეკრებებზე, სადაც სასარგებლო რჩევებს მოისმენენ. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ნარკომანი სალანძღავი სიტყვაა. ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები უნდა იყოს ბევრი. გერმანიაში ყველა რაიონშია მსგავსი ცენტრები. ნებისმიერ ექიმს აქვს უფლება, ჩანაცვლებითი პრეპარატი გამოუწეროს, თუმცა პაციენტების სია შეზღუდულია. მომხმარებელი ვალდებულია, რომ იაროს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში, დაესწროს ჯგუფურ შეხვედრებს, რადგან მან უნდა იგრძნოს ყურადღება და ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ფსიქოლოგი.