გირგვლიანის საქმის პროკურორი: ჩანს, მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები

ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი­ პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე გამოთქმულ პოზიციას.
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, შეწყალება არის თუ არა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და როგორ აფასებს პროკურორი გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, რომ სასამართლომ მსოფლიოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მთელი ეს პროცესი სინამდვილეში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისკენ არის მიმართული, ნადარეიშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება­ არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია.
„კონსტიტუციით მინიჭებული უფლება­ არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები“, – აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
ჟურნალისტი ინტერესდება, ეს მინიშნება ხომ არაა, რომ „შესაძლოა პროკუ­რატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად, რატომ შეიწყალა ცოლის ძმა“
„მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული – არსებობს კონკრეტული საქმე­ და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო,­ პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს“ – აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.
სასამართლოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც – გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური მუხლით დევნა რეალურად პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები