აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები -ამირან სალუქვაძე დოკუმენტს აფასებს
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თაობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც სალუქვაძე წერს, ტრამპი ერთი მხრივ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, მეორე მხრივ, მისი მიდგომები საგარეო არენაზე იცვლება.
„დავიწყოთ იმით, რომ ტრამპი ერთი მხრივ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, მაგალითად, მექსიკასთან დამცავი კედლის აგება, მიგრაციის პრობლემები და ა.შ. მეორე მხრივ, მისი მიდგომები საგარეო არენაზე იცვლება. თუ ადრე საუბრობდა, რომ ამერიკა საკუთარი შიდა საკითხებით დაკავდება, ახლა აქტიურად საუბრობს მსოფლიოში ამერიკის ინტერესებზე.
ძირითადი თეზისები:
ამერიკის ნაციონალური ინტერესების 4 ძირითადი გამოწვევა:
– ამერიკის ტერიტორიის, ამერიკელი ხალხის და ცხოვრების წესის (გაიგეთ? ცხოვრების წესის – ა.ს.) დაცვა
– ამერიკის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
– მსოფლიოს დაცვა ძალის პოზიციიდან.
– ამერიკული გავლენის გაძლიერება.
საკვანძო გამოწვევებად დასახელდა:
– რევიზიონისტული დერჟავები (ჩინეთი და რუსეთი), რომლებიც ცდილობენ ამერიკული ფასეულობების და გავლენის შერყევას, თუმცა აშშ შეეცდება ამ ძირითად კონკურენტ ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.
– რეგიონალური დიქტატორები (ჩრდილოეთ კორეა).
– ჯიჰადისტური ტერორისტები და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ:
– ამერიკა საფრთხეებზე რეაგირებას მოახდენს მანამ, სანამ მიაღწევს მის საზღვრებს.
– ამერიკა მიილტვის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ.
– ამერიკა აღადგენს თავის სამხედრო სიძლიერეს (როგორც უკვე ცნობილია, მომავალ წელს საგრძნობლად იზრდება სამხედრო ბიუჯეტი და 700 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს – ა.ს.).
– ამერიკა თავის გავლენას მსოფლიოში განიხილავს, როგორც პოზიტიურ ძალას, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას, განვითარებას და წარმატებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას.
სტრატეგიაში, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსეთის კონტექსტშია საუბარი, რაზეც მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია.
ძირითად და მნიშვნელოვან საფრთხედ მიჩნეულია რუსეთის ბირთვული პოტენციალი. ასევე, რუსეთს ბრალს დებენ, რომ ის დიდ რესურსებს გამოჰყოფს კიბერ სივრცის დესტაბილიზაციისთვის.
სტრატეგიაში, ჩრდილოეთ კორეასთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ერთად, ნახსენებია ირანი, როგორც რეგიონალური საფრთხე ახლო აღმოსავლეთში და ტერორისტული ორგანიზაციების (ჰესბოლა და სხვა) ხელშემწყობი სახელმწიფო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრატეგიაში საუბარია ევროპის უსაფრთხოებაზეც. კერძოდ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაააქტიურებენ მოკავშირეების და პარტნიორების (ჩვენც შევდივართ პარტნიორებში და ეს გამოსაყენებელია – ა.ს.) ძალისხმევას, რათა უკეთ იყვნენ დაცულები.
თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელი დიპლომატების სიტყვების უკან ყოველთვის იდგეს ძალა (ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ ჩვენი დიპლომატიის უკან, ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს ძალა, რომ ძლიერი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა უნდა შეჰქმნა არა იმისათვის, რომ იომო, არამედ მშვიდობისათვის – ა.ს.).
“მშვიდობა ძალის მეშვეობით” სტრატეგიის ძირითად მესიჯად შეგვიძლია აღვიქვათ“, -წერს სალუქვაძე.