ქართული „ეჭვების პოლიტიკა“
ეჭვების პოლიტიკა ფართოდ გავრცელებული ნარატივია, რომელიც შენარჩუნებულია ქართულ პოლიტიკურ ტრადიციებში, ავტორიტეტული და რეაქციული ასპექტების ფონზე.
აღსანიშნია ეჭვების საფრთხეები, რომელიც გონებისა და საზოგადოების არევის მოტივირებას ახდენს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეჭვები პოლიტიკაში შეიძლება იყოს სასარგებლო და ფასეული, ვიდრე ფიქსირებული აზრი და შეხედულება.
„ეჭვების პოლიტიკას“ კარგად იყენებს ძველი პოლიტიკური და მმართველობითი გარემო, რომელიც გარემოს მართავს „ეჭვებითა და ინტრიგის“ ინსტრუმენტებით.
კვლევები ადასტურებს , რომ როდესაც პოლიტიკური ნდობა მცირდება, ეჭვები იზრდება, რომლის შედეგია პოლიტიკური კრიზისი და ლეთარგიული პოლიტიკური გარემო.
ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური ეჭვი საშიში იარაღია, რომელიც იაფი, მიზნობრივი და კარგად გათვლილი ინსტრუმენტია. მისი ეფექტიანობა დადასტურებულია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. „ეჭვების“ ინსტრუმენტები ქმნის პირობებს, ადგილი ჰქონდეს:
. საზოგადოების ფრაგმენტაციასა და არაკოორდინირებულობას;
. პიროვნებების/ჯანსაღი ძალების დისკრედიტაციასა და იმიჯის დაცემას;
. ყურადღების გადატანას არამნიშვნელოვან საკითხებზე, რითაც იფარება მმართველობითი უუნარობა და უმექმედობა;
. „მიუღებელი სტანდარტების“ დამკვიდრებას;
აღიარებულია, რომ პირებს, რომელთაც ქვეყნის შენების პოტენციალი გააჩნია, შესწევთ უნარი გადაჭრან ეროვნული პრობლემები. თუმცა, მათ ადვილად პოულობენ „ეჭვის გამავრცელებლები“. განსაკუთრებით ბევრ ეჭვსა და უნდობლობას ამკვიდრებენ საქმის მკეთებელ და სტრატეგიული აზროვნების ახალგაზრდებზე. შედეგად, როგორც წესია ან გასაქანს არ აძლევენ ან „მოედნიდან გაჰყავთ“.
სამწუხაროდ, ძველი ქართული პოლიტიკა ცდილობს ეჭვებით კვებოს საზოგადოება, თავად კი აკადემიური იდეებითა და ინტელექტუალური რესურსით იკვებება. თუმცა სტრატეგიული აზროვნებისა და პოლიტიკური ქარიზმის დეფიციტის ფონზე, მაინც არსებითად ვერ ცვლის არსებულ მდგომარეობას.
ეჭვების ოსტატების გამოთქმით, „ერთი ან ორი ჩვეულებრივ საკმარისია ეჭვების დათესვისა და სასურველ ყურში მოხვედრისათვის“.
ხაზგასასმელი ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, უფრო მეტ პოლიტიკურ ეჭვს ქმნის, ვიდრე ნდობას. იმ ფონზე, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ მაღალშემოსავლიან სეგმენტს უკეთესი პირობები შეუქმნა ვიდრე საშუალო და დაბალშემოსავლიან სეგმენტს, გაიზარდა მთავრობის მიმართ საზოგადოების უნდობლობა და დისტანცია.
არსებითია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერების თემა გახდა კორუფციის, თავისუფლების პრინციპებისა და კანონმორჩილების საზომი. მაშინ, როდესაც აღნიშნულ თემაზე, ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ჩნდება ეჭვები და კითხვის ნიშნები, საჭიროა:
. საკითხის შესწავლის მიზნით სასწრაფოდ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია (რომელიც დაკომპლექტდება მოქალაქეებით, აკადემიური პირებით, ჟურნალისტებით, არსამთავრობო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებით);
. შესწავლილი იქნას ბოლო წლებში არსებული ტენდერების პროცესი;
. შეფასდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა ინტერპრეტაცია და დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებზე ;
. განისაზღვროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა;
დაბოლოს, არსებული პოლიტიკური და მმართველობითი საკითხები გახდა ქვეყნის პოლიტიკური ბრენდინგის პრობლემა, რომელიც საჭიროებს რადიკალურ რეფორმებს. ამისათვის, ქვეყანაში საჭიროა:
• პოლიტიკური გარემოს „კულტივირება“;
• ეკონომიკისა და პოლიტიკის კატალიზატორი პირების წარმოჩენა, რომლებიც საზოგადოებაში პოზიციონირებულია; სამწუხაროდ „პოლიტიკური გარემოს შიშების“ გამო, ასეთი პირების ასპარეზი მცირეა და შეზღუდული.
• პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს გარდაქმნა, „ტექნიკური კორექციები“, პოლიტიკურ და მმართველობით გარემოს ეროზიისაგან ვერ იხსნის. როგორი ხარისხის სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, პრაქტიკულად მაინც მთავარია პოლიტიკური და მმართველობითი რგოლის „პროფილი“:
დასასრულს დავძენ, რომ არსებობს ძველი სამართლებრივი ანდაზა: თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, რომელიც თქვენ მხარესაა, მოიტანეთ არგუმენტად, თუ თქვენ გაქვთ კანონი, რომელიც არის თქვენს მხარეს მოიტანეთ არგუმენტად, ხოლო თუ ისინი თქვენ არ გაქვთ, შეუტიეთ თვითმხილველს. ქართულ რეალობაში როდესაც თავდასხმა მეტია, ვიდრე ფაქტები ან მტკიცებულება, იზრდება ეჭვები.
ეკონომიკის დოქტორი,
რატი აბულაძე