გამოიწვევს თუ არა აშშ-ის მხრიდან, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას – რას ფიქრობენ ექსპერტები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.
ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან გადასატანად მზადება დაიწყონ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის განცხადებას „ისტორიული“ უწოდა. მკვეთრად რადიკალური რეაქცია გამოხატა პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. მან მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი, ამასთან, გუშინ, პალესტინელებმა პროტესტის ნიშნად იესოს დაბადების ადგილას, ბეთლემში საშობაო განათება ჩააქრეს.
ტრამპის გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, მექსიკამ, გერმანიამ, ირანმა, ეგვიპტემ, ყატარმა, ისინი დესტაბილიზაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება დაგმეს საუდის არაბეთშიც და მას უპასუხისმგებლობა უწოდეს.
რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს,.
შესაბამისი შეფასება, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მოცემული.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ,.
„ამ განცხადებამ შესაძლოა, უკან, კიდევ უფრო ბნელი დროისკენ გადაგვისროლოს, ვიდრე ისაა, რომლის გადატანაც ახლა გვიწევს“- განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერთ-ერთი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც ტრამპის განცხადება მკაცრად გააკრიტიკა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაეფ ერდოღანი იყო.
„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, – განაცხადა ერდოღანმა.

გამოიწვევს თუ არა აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას, რამდენად მოსალოდნელია, ცალკეული ქვეყნების მხრიდან ტრამპის პოზიციის გაზიარება, რეგიონში და აშშ-თურქეთს შორის სიტუაციის შესაძლო დესტაბილიზაცია რა საფრთხეებს შეუქმნის საქართველოს – ამ და სხვა კითხვებზე „კვირასთან“ ექსპერტები საუბრობენ.
ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
„მართალია ტრამპს დაანონსებული ჰქონდა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას აპირებდა, თუმცა, არავის ეგონა, რომ ამას დეკემბერში გააკეთებდა. როგორც ვნახეთ, ტრამპის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია, არა მხოლოდ აშშ-ის მტრებში, არამედე მოკავშირეებში- მათ შორის ევროპის ქვეყნების ლიდერებში. ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომაა ამ თემაზე მოწვეული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს/ აშშ-ის ისეთი პარტნიორები რეგიონში, როგორიცაა იორდანია- ისინიც კი ძალიან შეშფოთებულები არიან ტრამპის ქმედებით, რაც შეეხება რუსეთს, მას რა თქმა უნდა, აწყობს იგივე თურქეთის და რუსეთის დაპირისპირება, ვფიქრობ, კრემლი ამ ეტაპზე დუმილს არჩევს და დაელოდება მოვლენათა განვითარებას. რაც შეგვეხება ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონში დაძაბულობა და თურქეთ-აშშ-ის დაპირისპირება ჩვენზეც ნეგატიურად აისახება -განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე.
შესაბამისი შეფასება ამირან სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბარში გააკეთა.
„ვითარება უკვე გამწვავდა და კიდევ უფრო გართულდება. უკვე ვიხილეთ პალესტინის ლიდერის ვიდეო-მიმართვა. მწვავე განცხადებები ჰქონდათ ევროპელ ლიდერებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მწვავე რეაქცია ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტს, რომელსაც ისეც დაძაბული ურთიერთობა აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან ქურთული საკითხის, გიულენის გამო. მწვავე რეაქცია ექნება ირანსაც, ბევრ სხვა რეგიონალურ თუ სხვა დაინტერესებულ ქვეყნებსაც“, – აცხადებს სალუქვაძე.
რაც შეეხება კრემლს, სალუქვაძე ფიქრობს, რომ რუსეთი ტრამპის საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებს და ამავე დროს შეეცდება არც ისრაელთან გაიფუჭოს ურთიერთობები.
„რუსეთი მოიშველიებს სტანდარტულ ფრაზებს, რომ იერუსალიმის საკითხი 70 წელზე მეტია დაპირისპირების საგანია და ის მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“, -აღნიშნავს სალუქვაძე.
ბრიგადის გენერალი, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან, ახლო მომავალში აშშ-ის პოზიციის გაზიარებას არ ელის.
„პატარა სახელმწიფოები კი მათ მოლოდინში თავს შეიკავებენ. შესაძლოა მოხდეს მცირედი გამონაკლისები. დაველოდოთ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას. ბევრი რამ გამოჩნდება. რაც შეეხება იმას, თუ მაინცდამაინც ამ პერიოდში რატომ გადაწყვიტა ტრამპმა გადაწყვეტილების გამოცხადება, აქ ალბათ ორი ფაქტორი მოქმედებს, პირველი სირიას უკავშირდება, მეორე – თვით ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ არსებულ რთულ ვითარებას, გამოძიებას რუსულ კვალთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს როგორც ახლო, ასევე შორეულ აღმოსავლეთში“, -აცხადებს სალუქვაძე,
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული დაძაბულობები ახდენდა და მოახდენს ზეგავლენას კავკასიაზე, რეგიონალურ პოლიტიკაზე. ასევე, გავლენას მოახდენს თურქეთ-დასავლეთის დაძაბულობა და რუსეთთან დაახლოება თურქეთის სამეზობლო პოლიტიკაზე. სალუქვაძე აცხადებს, რომ ამიტომ საქართველოს კიდევ უფრო აქტიური პოლიტიკის გატარება მართებს.
„ისრაელთან ჩვენ ტრადიციული, მრავალსაუკუნოვანი თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს. თვით იერუსალიმიც სულიერად ჩვენთვის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ადგილია. ამის მიუხედავად, თავშეკავებული, დინჯი პოზიციის დაჭერა გვმართებს. ასეთ საკითხზე საჭიროა კონსულტაციების გავლა და პოზიციების შეჯერება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რეგიონის სახელმწიფოებთან, რა თქმა უნდა, აშშ-სთან. პარალელურად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ისრაელის ხელისუფლებასთან, რათა ჩვენს სიდინჯეს გაგებით მოეკიდონ. ჩვენ არ ვართ ზესახელმწიფო და ამ საკითხში, მატარებელზე წინ გაქცევით, შესაძლოა, სახელმწიფოს უსაფრთხოებას პრობლემები შევუქმნათ. პრემიერის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად ვიზიარებ“, – განუცხადა „კვირას“ ამირან სალუქვაძემ.
როგორც ცნობილია, ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს კი სწამთ, რომ იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია. ქალაქის სტატუსი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები