22 წლის შემდეგ მიღებული რისკიანი გადაწყვეტილება _ გიგა ლემონჯავა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ

უკანასკნელი 22 წლის მანძილზე დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც 1995 წელს კონგრესის მიერ მიღებული „იერუსალიმის საელჩოს აქტის“ ამოქმედება გაბედა.
კონგრესმა განმარტა, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი დედაქალაქი. იერუსალიმი ისრაელის პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს, ასევე, სამთავრობო სტრუქტურების, სოციალური და კულტურული ინსტიტუციების ადგილსამყოფელია. 1948 – 1967 წლებში იერუსალიმი გაყოფილი იყო და ისრაელის მოქალაქეებს, ასევე, ებრაელებს მთელი მსოფლიოდან, არ ეძლეოდათ იორდანიის მიერ კონტროლირებულ ზონებში წმინდა ადგილების მონახულების შესაძლებლობა. 1967 წელს, ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ იერუსალიმი გაერთიანდა და მას შემდეგ ქალაქის ადმინისტრირებას ისრაელი ახორციელებს. ყველა აღმსარებლობის ადამიანს სრულად აქვს გარანტირებული წვდომა ქალაქში არსებულ წმინდა ადგილებთან.
აქტის მე  – 2 და მე – 3 პუნქტების მიხედვით, იერუსალიმი აღიარებულ უნდა იქნას ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად და შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში უნდა დაფუძნდეს იერუსალიმში, არაუგვიანეს 1999 წლის 31 მაისისა. თუმცა, ამავე აქტის მე – 7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ენიჭება სპეციალური უფლებამოსილება, გადაავადოს საელჩოს გახსნა იერუსალიმში, თუ ის წინასწარ შეატყობინებს კონგრესს, რომ ამგვარი გადავადება აუცილებელია ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად. აქტის მიღებიდან დღემდე, შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას იყენებდა. „ტრადიცია“ 2017 წლის 6 დეკემბერს დაირღვა. თეთრი სახლის განმარტებით, იერუსალიმის ცნობა ისრაელის დედაქალაქად „ისტორიული და არსებული რეალობის დადასტურებაა.“ ქალაქის სტატუსის განსაზღვრა, ისრალი – პალესტინის მრავალწლიანი კონფლიქტის ერთ – ერთი ცენტრალური საკითხია, რამდენადაც პალესტინური მხარის პოზიციით, აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს. შეფასებებში რადიკალურია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი, რომელიც შეერთებული შტატების როლს მედიაციის პროცესში ამოწურულად მიიჩნევს. მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი.“ სამშვიდობო პროცესის „მკვლელობაზე“ საუბრობენ ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების ლიდერები: თურქეთი, საუდის არაბეთი, ირანი, იორდანია, ლიბანი, კატარი.
კრიტიკულია საერთაშორისო თანამეგობრობა. მყისიერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალუმა მდივანმა, ევროპის კავშირმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრმა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა. მათი პოზიციით, იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრა კონფლიქტის ორ მხარეს შორის მოლაპარაკების საბოლოო პუნქტად უნდა დარჩენილიყო.
ტრამპმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ – ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში არ წარმოადგენს პრეზიდენტის პოზიციას იერუსალიმის სტატუსის საბოლოო განსაზღვრისათვის, მათ შორის იერუსალიმის ტერიტორიაზე სპეციალური საზღვრების დადგენისა და ამ საზღვრებში ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების კონტექსტში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს ნაბიჯი მხოლოდ მორალურ საწყისებს ეფუძნება და ებრაელი ხალხის რამდენიმე ათასწლიანი შეუპოვარი ბრძოლის ჯეროვანი დაფასებაა. აღნიშნული მოქმედება შესაძლებელია სწორედაც „რეალპოლიტიკის“ მკაფიო გამოვნილებად გავიგოთ, ნათელ გზავნილად, რომ მოსალოდნელი კრიტიკისა და ტურბულენციის მიუხედავად, შეერთებული შტატები დაიცავს მოკავშირეთა ეროვნულ ინტერესებს. ახალი მიდგომა მშვიდობის დამყარების პროცესშიც სწორედ ამ ნარატივზეა აგებული – „თუ გვინდა მშვიდობა, პირველ რიგში დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.“ ამ მოსაზრებას ამყარებს სენატორ ჯონ მაკკეინის გუშინდელი „ტვიტი“ – „დიდი ხანია მჯერა, რომ იერუსალიმი ისრაელის ნამდვილი დედაქალაქია. დღევანდელი განცხადება კომპლექსური დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, რათა დამყარდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ისრაელის მოქალაქეებსა და პალესტინელებს შორის.“
ამ გადაწყეტილებით, პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს სტრატეგიულ ხაზს პოლიტკორექტულობისა და “ილუზიური დიპლომატიის” წინააღმდეგ. აშშ – ისრაელის ტანდემს, მოკავშირეებთან ერთად, უახლოესი დღეების განმავლობაში მოუწევს გაუმკლავდეს ერთის მხრივ, კრიტიკის ნიაღვარს პოლიტიკური და ექსპერტული წრეებიდან, მეორე მხრივ, უზრუნველყოს უსაფრთხოება და თავიდან აიცილოს რადიკალიზაცია რეგიონსა და მსოფლიოში. პირველი შეტაკება ისრაელის სპეციალურ დანაყოფებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის ბეთლემში უკვე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები