ნუკრი ქანთარია: არ უნდა მივიღოთ კოლონიები სკოლების მაგივრად, არ უნდა მოხდეს ბავშვების ტელეფონების მოსმენა

“პრობლემები, რა თქმა უნდა, არის განათლების სფეროში, უპირველესად მგონია, რომ გადატვირთულია კლასები, მასწავლებელი ვერ ახდენს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ კონტაქტს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება მოკლე დროში გარკვეული რეცეპტის შედგენა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მისივე თქმით, მანდატურებთან დაკავშირებით, არის რაღაც ნიუანსები გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ პროცესი უფრო ჯანსაღად წარიმართოს.
“არ მგონია, მოკლე დროში იმის განსაზღვრა შეიძლება, როგორ ვუმკურნალოთ ამ პრობლემას. ჩვენ არ უნდა მივიღოთ კოლონიები სკოლების მაგივრად, არ უნდა მოხდეს ბავშვების ტელეფონების მოსმენა, აქ იწყება მეორე უკიდურესობა, ბავშვის ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენა. მე ვერ მივიღებ ზუსტ რეცეპტებს, რომ ისე ან ასე უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა. მანდატურებთან დაკავშირებით კიდევ არის რაღაც ნიუანსები გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ პროცესი უფრო ჯანსაღად წავიდეს. მაგრამ, მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მანდატური სახლში გაყვეს მოსწავლეს, მერე დაელოდოს და ა.შ. თუმცა, სკოლის გარემოში მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო ამ მიმართულებით”,-აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
მან სავალდებულო სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაკავებული სპორტით და სახელოვნებო სფეროთი. მისივე თქმით, სავალდებულო უნდა იყოს ცხრა კლასის განათლება, მას შემდეგ ან გიმნაზიაში უნდა აგრძელებდეს ბავშვი სწავლას, ან პროფესიულ განათლებას ეუფლებოდეს.
“ახლაც ტრადიციული სიუჟეტი მოხდა, რასაც პროკურატურა გვიყვება. ალბათ ამ საკითხს დავაყენებდი უპირატესად, რომ მაქსიმალურად სავალდებულო იყოს სპორტი და სახელოვნებო სფერო, რომ ბავშვები დაკავებულები იყვნენ. ასევე, სავალდებულო უნდა იყოს ცხრა კლასის განათლება და ამის შემდეგ ძალიან მკაცრი გამოცდები უნდა იყოს. ან უნდა წავიდეს ბავშვი პროფესიულ სასწავლებელში, ან _ გიმნაზიაში და ეს გიმნაზია, ჩემი აზრით, უნდა იყოს სხვა შენობაში, პროფილის მიხედვით უნდა იყოს უფროსი თაობის გადანაწილება. უფროსი და უმცროსკლასელები ერთად არ უნდა იყვნენ. ვინც არის ცოდნაზე ორიენტირებული, ის უნდა გადავიდეს გიმნაზიაში და იქ უნდა მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
ნუკრი ქანთარიამ სკოლებში არსებულ დისციპლინაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, დეტექტორების დაყენება შეურაცხმყოფელი არ არის და არც პიროვნების თავისუფლებას ეხება. მისივე თქმით, პრობლემა ფსიქოლოგიაში და მენტალობაშია. ის იმედოვნებს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდება და ამ მიმართულებით ნებისმიერი რეფორმა ფრთხილად უნდა გატარდეს.
“ნორმალური წესრიგი უნდა იყოს ყველა სკოლაში. სადაც დისციპლინა არ არის, იქ სწავლაზე ლაპარაკი ზედმეტია. მოწესრიგებულობაში შეიძლება იგულისხმებოდეს დეტექტორების დაყენებაც. ამაში არაფერია შეურაცხმყოფელი, არც პიროვნების თავისუფლებას ეხება. მაგრამ თუ ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ სხვას აუცილებლად ზიანი მიაყენოს, ის ამას სხვა გზითაც მოახერხებს. ძირი უნდა მოვსპოთ ჩვენ, _ მენტალობა, ფსიქოლოგიური პრობლემებია უფრო. ბავშვს იმის ინტერესი არ უნდა ჰქონდეს, რომ მეორე დაჩაგროს.
ფსიქოლოგების შესვლაც „ჩიჩინად“ შეიძლება იქნეს აღქმული, რადგან ფსიქოლოგთან ურთიერთობა ორმხრივად უნდა იყოს სასურველი, თუ მათ შინაგანი ბარიერები აღმართეს, გაძნელდება ურთიერთობა. ნებისმიერი რეფორმა ამ მიმართულებით, ფრთხილად უნდა იყოს გატარებული. მე დარწმუნებული ვარ, ასეთი ტრაგედია ძალიან დიდი ხანი აღარ განმეორდება და ღმერთმა ქნას, საერთოდ აღარ იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტრადიციული სიუჟეტი ხშირად მეორდება”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები