„ყველა ნამუშევარზე ჩემი სისხლია“…

ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი დაამთავრა და მხოლოდ ბოლო სამი წელია, ხელოვნების კარი შეაღო. რკინის ბადეებით მუშაობს და საოცარი ფანტაზიის წყალობით უკვე სახელი გაითქვა. რომელ პრესტიჟულ ადგილზე აღარ დგას მისი ქანდაკებები… 
ამბობს, რომ აქანდაკებს მხოლოდ იმას, ვინც უყვარს და ასე, სიყვარულით, უამრავი ფიგურა შეიქმნა.
6 პერსონალური გამოფენის ავტორია. სამომავლო გამოფენაზეც ფიქრობს. სიგიჟემდე უყვარს თბილისი და უნდა, რომ აქ, ამ ქალაქში  აკეთოს საყვარელი საქმე. – ხელოვან ქეთევან მელქაძის პერსონა.

– თბილისში დავამთავრე 1 ექსპერიმენტული სკოლა. ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა, ისე ძალიან,  რომ „შატალოზე“ მორგშიც კი ვყოფილვარ. მაგრამ ფიზიკა ბარდებოდა. მე კიდევ ვერ ვიტანდი ფიზიკას… საშინელი ხასიათი მაქვს – რამეს თუ ვერ ვიტან, ვერ ვიტან. სკოლაშიც როდესაც მეუბნებოდნენ, რომ რამე „უნდა“ გამეკეთებინა, აღარ მინდოდა… სწავლითაც, არ ვიყავი დიდად წარჩინებული, რატომ დავიბრალო? რადგან ფიზიკას ვერ ჩავაბარებდი, ვერ მოვხვდებოდი სამედიცინოზე…
ბავშვობიდან მყავდა გერმანელი „ტანტეები“, ენა ფაქტობრივად გერმანულად ავიდგი. დედაჩემი თამარ გასიტაშვილი  უნივერსიტეტის პროფესორია და ასე მოვხვდი დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, სადაც მოხვედრა ურთულესი იყო და რომელიც, ისევ მშობლებმა „დაამთავრეს“…
თუმცა 50 წლამდე არსად მიმუშავია, მაგრამ საზოგადოებრივ საქმეებს მეგობრები ყოველთვის მიჩენდნენ, ასე რომ, მოწყენილი არ ვყოფილვარ. 
სამი წელია, რაც რკინის ბადეებით მუშაობა დავიწყე, მხოლოდ რამდენიმე თვე კი – ხატვა.
ბაბუა  ილია მელქაძე,  სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 45 წელი იყო ისტორიაში მიმღები კომისიის თავმჯდომარე, თუმცა არც ამის გამო დამიწყია ხატვა… არანაირად არ მინდოდა არც ხატვა, არც ძერწვა. 53 წლამდე ფანქარი არ მკავებია და არაფერი გამომიძერწავს.
შარშან მოვკიდე ხელი და გავაკეთე პლასტელინის ფიგურა, პლასტელინით და რკინის ბადეთი ერთად… ჩემს სტომატოლოგს დავატყდი თავზე, გამოვართვი ინსტრუმენტები, რაც მჭირდებოდა და იმით ვიჯახირე, სახელოსნო არ მაქვს, რომ 20 და 30 კილო პლასტელინისგან დიდი ფიგურები ვაკეთო, ან რაში მჭირდება… როდესაც რკინის ბადისგან ხელები მეღლება, ხატვას ვიწყებ.
ალბათ იმ ნახატს გულისხმობ, ფეისბუქის გარეკანზე რომ განათავსეთ…
– კი მოსწონთ ჩემი ნახატები, ერთი  ცრემლიანი გოგო დავხატე ჩემი გემოვნებით და ნახევარი თბილისი იმ გოგოზეა შეყვარებული… რას აღარ ვიგონებ მუშაობისას, პოლიეთილენის პარკებითაც კი  დავხატე ნახატი.
ხატვის დროს ვისვენებ, მაგრამ ბადე ძალიან რთულია. მეუბნებიან, ჩქარ-ჩქარა აკეთებო, დღეში თითქმის 10-12 საათის განმავლობაში ვმუშაობ აუდგომლად  და როცა ვმუშაობ, მაშინ ვერაფერს ვგრძნობ, თუმცა მერე ხელები მტკივდება… აზარტულია რკინის ბადეზე მუშაობა, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ნარკომანი ვარ.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ რკინის ბადეზე გემუშავათ და თქვენამდე თუ იყენებდნენ ამ ტექნიკას?
– ალტრუისტული მიზანი მამოძრავებდა, სხვისი დახმარება მინდოდა. როგორი ბადე უნდა მეყიდა, არ ვიცოდი,  რკინის ბადე სახლში მოვიტანე და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ბადე მიყიდია, პირველი თვეების განმავლობაში ტყავი მძვრებოდა ხელებზე, მოგვიანებით შევცვალე. ხელით თუ არ მუშაობ, არაფერი გამოვა, დღეში  10-15 -ჯერ სისხლის ანალიზს ვიღებ, რადგან ხელებში მერჭობა. ასე რომ, ყველა ჩემს ნამუშევარზე ჩემი სისხლია.
მე ასე ვიცი, რომ პირველად 90-იან წლებში რკინის ბადით თეონა პაიჭაძემ გააკეთა ნამუშევარი და  გამოფენაზე გაიტანა.
– რა გჭირდებათ მუშაობის დროს?
– ვიღებ მასალას, თვალის ზომით ვჭრი, რამდენი დამჭირდება და ვიწყებ კეთებას,  ჩემი სამუშაო ინსტრუმენტია: საკვნეტელა და შეიძლება კიდევ რამე დამჭირდეს, თუნდაც სახრახნისი. აბსოლუტურად ყველაფერს ხელით ვაკეთებ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
–  თიხით გამოძერწეთ გიორგი მაზნიაშვილის ფიგურა…
– ახლობელმა მაჩუქა თიხა, არასოდეს  მეძერწა თიხა და ვთქვი, მოდი, ვცდი, რა გამოვა-მეთქი… იმ დღეს ფეისბუქზე მთელი დღე გიორგი მაზნიაშვილის ძეგლზე მსჯელობდნენ… მოვძებნე მისი ფოტო, სულ ორი ფოტო ვიპოვე, ვუყურებდი და დავიწყე ძერწვა… მერე დავდე სოციალურ ქსელში და ისე მოეწონათ, კომენტარები არ წყდებოდა…
– თავად მაზნიაშვილის ძეგლი მოგწონთ?
–  ხელოვნებათმცოდნეობაზე თავს არ ვდებ, მაგრამ ხელოვნება რა არის? თავისუფლება ხომ? ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, რასაც ვფიქრობ, ვლაპარაკობ, ზუსტად იმას ვაკეთებ. ასე ყველა ხელოვანი… თუმცა არის სხვა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მე არ მომწონს ის ძეგლი.
– ამბობთ, რომ ბოლო სამი წელია დაიწყეთ რკინის ბადეზე მუშაობა… გამოფენებიც გქონდათ. რამდენი ნამუშევარი შექმენით?
– შეიძლება ითქვას, რომ უამრავი…  სამ წელიწადში რაც მოვასწარი… 6 პერსონალური გამოფენაც მქონდა. ნამუშევრებს უმთავრესად ან საქველმოქმედო მიზნით ვაკეთებ, ან – საჩუქრებად.
პირველი გამოფენა ვაკეში,  არტსალონ „VETRO VARIO”-ში მქონდა. ჩემი ნამუშევრები ასევე გამოიფინა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომა-თბილისში“, ქუთაისში, ბათუმში, გორის სტალინის სახლ-მუზეუმში, ერევანში. ახლაც მიკავშირდებიან სხვადასხვა გალერეიდან და თავს ვიკავებ გამოფენისგან, იმიტომ რომ ჩემს ნამუშევრებს სივრცე და სათანადო განათება სჭირდება.
ახლახან ლატვიაში, რიგაში  ჩემი რამდენიმე ნამუშევარი გამოიფინა, აპრილში ქალაქ ლიეპაიაში  საკმაოდ ხანგრძლივი, ოღონდ პერსონალური გამოფენაა დაგეგმილი. ვაპირებ წასვლას და მერე ვნახოთ.
პარლამენტში გამართულ რამდენიმე გამოფენაშიც  მივიღე მონაწილეობა. ჩემი ნამუშევრები გამოიფინა პიკოს, ლევან ხარანაულის, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ქეთი მატაბელის, გია გუგუშვილის გვერდით.
– როგორ ისწავლეთ რკინის ბადეზე მუშაობა?
– მე თვითონ, დამოუკიდებლად… ყოველთვის ვამბობ და ჩემს მოსწავლეებსაც ვეუბნები, რამის გაკეთება თუ გინდა, ცოტა ნიჭთან ერთად, კიდევ ორი რამ არის საჭირო – უნდა იყო ძალიან დაკვირვებული და აზროვნებდე.
– პირველი ნამუშევარი იყო „კლოუნი წიგნით“… თქვენს ნამუშევრებს ხშირად საინტერესო ქვეტექსტები აქვს…
– კლოუნი წიგნთან ერთად იმიტომ გავაკეთე, რომ დღეს დასაცინია ის, ვინც წიგნებს კითხულობს.
როცა ვაკეთებ ნამუშევარს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რაიმე ნიშანდობლივი წავაწერო, მაგალითად, იპოლიტე ხვიჩია აღდგომის დღეს ავტვირთე… მე, როგორც თბილისელს ძალიან მიხარია, რომ იმ დღეებში ქალაქში თავისუფლად ვმოძრაობ და საცობები არ არის, მაგრამ ჩემს ნამუშევარს სხვა ქვეტექსტი აქვს – იპოლიტეს სიძე არ მოსწონს, იმიტომ რომ სოფლელია, სად შენ და სად მეო, გახსოვთ, წერილს რომ უგზავნის? ზუსტად ასე დავხატე, მაგ წერილს რომ აგდებს იპოლიტე საფოსტო ყუთში და ავტვირთე. განმარტება არ მიმიცია, მაგრამ მიმხვედრი მიხვდება… 
უფლისციხის შესასვლელში ზის  ჩემი კავკასიური ჯოჯო… ერთხელ იქ რომ დავსეირნობდი, ხვლიკი დავინახე. რატომღაც აზარტი დამეუფლა და მომინდა ამ ხვლიკის გაკეთება. რომ ჩავიტანე, მერე მითხრეს, რომ იქ თურმე ჯოჯოს კულტი ყოფილა… ვინც შედის, გაივლის და გამოივლის, სურათებს უღებენ, ყველა ამ ჯოჯოსთან მიდის.
ახლობელმა მთხოვა, იქნებ ტუბერკულოზთნ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით რამე ემბლემასავით გამეკეთებინა… თავიდან რაღაც ფიგურა გავაკეთე, მაგრამ არ მომეწონა, ემბლემას არ ჰგავდა, მერე ვიფიქრე და ხელმეორედ გავაკეთე. ახლა ჩემი გაკეთებული ემბლემა 53 ქვეყნის ემბლემაა.
თავად ტუბერკულოზის ცენტრს ვაჩუქე ფიგურა და მოგვიანებით გავიგე, რომ  ჩემი საჩუქარი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სავიზიტო ბარათად ქცეულა.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არის ჩემი „არაჩვეულებრივი გამოფენა“… მაისში ქართული ფილმის პერსონაჟების: პიპინია და აგული ერისთავების, მათი ძაღლის პერის და ბატონი ბონეს ლითონის კონსტრუქციები დაიდგა.  მთაწმინდის პარკ „ბომბორაში“ დგას „ბაბუა და შვილიშვილის“ ქანდაკება…
გულახდილად გეტყვით, რომ ვაქანდაკებ მხოლოდ მას, ვინც მიყვარს.
პირველი ვიოლინო ვაჩუქე ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, მომწერა – ქეთი, ეს ხელოვნების ნიმუშიაო, ახალი დაწყებული მქონდა მაშინ რკინის ბადეზე მუშაობა და… ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
უამრავ თეატრში ნახავთ ჩემს ნამუშევრებს… ჩემი ფიგურები არის თუმანიშვილის თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში…
სოფიკო ჭიაურელის ფიგურა მის სახლ-მუზეუმს გადავეცი, „არლეკინი“ ბატონი სანდრო მრევლიშვილის თეატრს ვაჩუქე.ოტიას სახლში წყალტუბოში ოტია იოსელიანი დაგხვდებათ…
–  რკინის ბადით შესრულებული თქვენი ნამუშევრები  არის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში… 
  „მწუხარე სახის რაინდი“ ესპანეთში – ალიკანტეს უნივერსიტეტის სერვანტესის კაბინეტში განთავსდა. ალეპო რომ დაბომბეს, მაშინ გავაკეთე ნამუშევარი, რომელიც  სირიის არაბული რესპუბლიკის კულტურის მინისტრს მოეწონა.  მას პირადად გადასცეს ჩემი მოკრძალებული საჩუქარი.
ალმა- ატის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არის ჩემი მოხუცი. ნამუშევარს ჰქვია  „ალმა-ატა, მოხუცი და ვაშლი“…
ერევანში 4 ნამუშევარია, მალე ოფიციალურად უნდა გაიხსნას. ჩემი საჩუქარი სპიტაკის მიწისძვრის თემაზე შეიქმნა. იგი უკვე დგას ერევანში, ოფიციალურ მიწვევას ველოდები.  ერთადერთი არასომეხი ვარ, ვისმა ნამუშევარმაც ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა. სერტიფიკატიც მაჩუქეს.
მოსკოვშია ორი ნამუშევარი – ალექსი ბახრუშინის სახელობის რუსეთის თეატრალურ მუზეუმსა და თეატრალური არტსალონში, სადაც იკრიბებიან ხელოვნების მოღვაწეები.
ასე რომ, სადაც რამეს ახსენებენ, იქ აუცილებლად ჩემიც არის…
– სახელგანთქმულ ესპანელ ტენორს – ხოსე კარერასს საინტერესო საჩუქარი გადაეცით…
– სანამ რამეს გავაკეთებ, ჯერ ბევრი უნდა ვიფიქრო, რომ გადავიკითხე ხოსე კარერასის ინტერვიუები, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძალიან უყვარს ქალაქი ბარსელონა და საფეხბურთო კლუბ „ბარსას“ ქომაგია, გავუკეთე გაუდის ხვლიკი, რომელსაც „ბარსას“ ბურთზე უდევს თათი. რომ დაინახა, მოკვდა სიცილით, მაგრად მოეწონა.
– ამჯერად მოწვევებიც გაქვთ…
–  მოწვევები მაქვს ევროპის სამი ქვეყნიდან, მოსკოვიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ჩემი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და უსპონსოროდ ეს ვერ მოხერხდება.
მინდა გითხრათ და ფეისბუქის გვერდზეც მიწერია, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მაინცდამაინც საზღვარგარეთ წავიდე, მე ჩემს ქალაქში მირჩევნია ვიყო და აქ ვაკეთო საყვარელი საქმე. თუ მომცემენ საშუალებას, ხომ კარგი, თუ არადა, მე ჩემსას მაინც ვაკეთებ.
– თქვენი თვალით დანახული თბილისი. რა არ მოგწონთ საყვარელ ქალაქში?
–  მოდით, ყველაფერს თავი დავანებოთ, შენობებსაც, ქუჩებსაც და გულახდილად ვთქვათ – თბილისი დღეს თბილი არ არის და ყველაზე მეტად ეს მტკივა… სიგიჟემდე მიყვარს ქვეყანა და მინდა ისიც ვთქვა – ჩვენ ისეთი თაობა გვეზრდება, რომ გვაქვს მომავალი. 
– ლითონის კონსტრუქციების გარდა არაჩვეულებრივი გრაფიკული ნამუშევრების ავტორიც ხართ…
– ფანქარით ხატვა ძალიან მომწონს, ზეთითაც, ცარცითაც… როცა ბადისგან ვისვენებ, ვხატავ.
მაქვს ერთი ნახატი – ბავშვი ჩემოდნით დგას და არ აწერია, სად მიდის, რადგან არ იცის. ეს ბავშვი რომ დავხატე, ზუსტად რამდენიმე დღის მერე, წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ვნახე იგი.
საერთოდ ინტუიცია  საშინლად მაქვს განვითარებული. ძალიან ბევრი უცნაურობა უკვე აღარ მიკვირს, რომ წინასწარ რაღაც ვთქვა და უცბად ახდეს… ერთხელ მანქანით მივდიოდი და კიდევ კარგი, მეგობრები მესხდნენ, თორემ საკუთარ თვალებსაც არ დავუჯერებდი, რაც მოხდა…  მე მგონი, ყველაზე ძველი მანქანა მე მყავს თბილისში, და ვსაუბრობდით მანქანის გამოცვლაზე, თუ რომელ ნომერს ავიღებდი… მოგეხსენებათ, ყველა ციფრს პითაგორას მიხედვით თავის მნიშვნელობა აქვს… მე, მაგალითად,  289 ნომერს ავიღებდი- მეთქი და ის-ის იყო დავასრულე წინადადება, რომ ზუსტად მაგ ნომრის მანქანამ შემოუხვია და ჩემი მეგობარი გაოგნდა…
ბავშვზე გიყვებოდით… დიდუბეში მივდივარ, შუქნიშანთან გავაჩერე მანქანა, უცებ  მოწყალების სათხოვნელად ბავშვი მოვიდა, ვუყურებ ამ ბავშვს და ვერ ვხვდები, საიდან მეცნობა? ხურდა მივეცი, აინთო მწვანე, წავედი და მეგობარს ვეუბნები, ბავშვს შეხედე, რამდენიმე დღის წინ რომ დავხატე, ის იყო-მეთქი… ზუსტად, მისი სახე ჰქონდა, სარაფანი ეცვა, ოღონდ სხვანაირი.  თმებიც ცოტა  სხვანაირად ჰქონდა.
ისიც უცებ დამეთანხმა… სამწუხაროდ, ფოტო ვერ გადავუღეთ, ძველი ტელეფონი მაქვს, მირეკავენ – ვრეკავ, ტელეფონს სხვა არაფერში ვიყენებ. არ მიყვარს ახალი ტელეფონები, თორემ იქნებ მომებრუნებინა მანქანა და გადამეღო ფოტო…
ასეთი რამაც დამმართნია – ადამიანს რომ გავიცნობ, რამდენიმე ხნის მერე შემიძლია იმ ადამიანზე ინტუიციით ბევრი რამ ვთქვა.
ახლა დამცინებენ, მაგრამ მე ჩემი დაბადება მახსოვს. დედაჩემს ძალიან გაუკვირდა, როდესაც სამშობიარო ბლოკში სურათივით ჩარჩენილი ჩემი ხედვა მოვუყევი. ახლა უკვე შემიძლია დავხატო… როდის მოგიყევი, ეგ არ მომიყოლია შენთვისო. სურათს, სილუეტებს ვხედავ,  რომ ამბობენ, ბავშვი ვერ ხედავს 40 დღემდეო, აბსოლუტური სისულელეა, ჩვენ იმხელა ინფორმაციით მოვდივართ კოსმოსიდან, იმ ბავშვმა უფრო მეტი იცის, ვიდრე ჩვენ.  საიდანღაც მოდიხარ და სადღაც ბრუნდები… სულ მაგას ვიძახი, როცა ვბრაზდები, სახლში მინდა, სახლში მინდას რომ ვამბობ, უკვე იციან ჩემებმა, რომ გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ – ამას ვგულისხმობ.
ვიცი ეს ყველაფერი, ვერავინ მეტყვის, რატომ იციო, მზე ხომ იცი, რომ მზეა, ასე ვიცი მეც.
– თქვენი ინიციატივით საქველმოქმედო გამოფენები იმართება… ეხმარებით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს…
– აუტიზმის მქონე ადამიანების დასახმარებლად მესამე გამოფენა გაიმართა, ახლახან კი  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ბავშვების აუქციონი  ჩატარდა აუტისტური სპექტრის მქონე პირთათვის სასწავლო-სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობის დასახმარებლად.  ეს იყო ბავშვების კეთილი ნება – ბავშვებს დაეხმარონ…
–  გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებთ…
– მინდოდა ერთი პატარა ოთახი, რომ მოსწავლეები მყოლოდა,  ქალაქის წინა ხელმძღვანელობას ვთხოვე ამაში დახმარება, მე ხომ ამაში ანაზღაურებას არ ვითხოვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. არადა, ბავშვებს აინტერესებთ, ისე იტაცებთ ეს საქმე, რომ საერთოდ არ ახსოვთ არაფერი. მქონდა  სკოლებში მასტერკლასებიც…
რომ მოეცათ კაბინეტი, კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ჩემი მაინც მოვახერე, ბავშვებმა თვითონ მომაკითხეს, როცა რაღაც გულთ გინდა, აუცილებლად გისრულდება.
ორი 13 წლის მეგობარი მყავს…  ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები არიან, თან ბადეზე ვმუშაობთ, თან ვთამაშობთ, რაღაც თემებზე ვმსჯელობთ, ვცდილობთ, რომ ეს შეხვედრები სასარგებლოც იყოს.
– წიგნების კითხვა ჰობიაო, მითხარით… კიდევ რა არის თქვენი ჰობი?
– დროდადრო გადავხედავ „დონ კიხოტს“, „დათა თუთაშხიას“, უამრავი წიგნია, რომლის გადაკითხვის სურვილიც მიჩნდება დროდადრო… ჰამაკში წამოვწვები და სიამოვნებით წავიკითხავ. მარკ ტვენი არასოდეს მომბეზრდება, ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალია. ასე ბევრი წიგნი მიყვარს, ჩემი ჰობი მთელი ცხოვრება იყო კითხვა,  თუმცა სამაგიდო წიგნების დრო კარგა ხანია წავიდა, ახლა, ძირითადად, დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ.
ჩემი ჰობი არის ბუნება. იქ ყოფნა მირჩევნია ნებისმიერ საუკეთესსო სასტუმროში ყოფნას., ტყეში მიყვარს, იქ კარგად ვგრძნობ თავს. მიყვარს სოკოზე სიარული და თევზაობა. თუმცა  ვერანაირად ვერ ვახერხებ, უკვე ორი წელი ტყეში არ ვყოფილვარ.
ჩემი  სუსტი წერტილია მუსიკა, რომ ვმუშაობ სულ მუსიკას ვუსმენ და უმთავრესად – კლასიკას, ან ჯაზს.
„არც ახლა და არც არასოდეს არავის მაჟორიტარად“, – ფეისბუქზე გიდევდთ მაიმუნთან ერთად გადაღებული ფოტო…
– ფოტო ეგვიპტეშია გადაღებული, გამორჩეული ისტორია არ აქვს, მაგრამ უბრალოდ მომეწონა, არჩევნები იყო, რომ დავდე…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები