ვარძია – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შესრულებული სამუშაოების სპეციალურ ანგარიშს წარადგენს

1 დეკემბერს, ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე გადაუდებელი ქმედებების პირველ ოთხწლეულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში საზოგადოებისათვის შესრულებული სამუშაოების სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. სააგენტო საზოგადოებას მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მომავალ წლებში დასაგეგმი ღონისძიებების შინაარსსა და მათი განხორციელების ვადებს გააცნობს.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ერთდღიანი კონფერენცია, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის საინფორმაციო სივრცეში წარიმართება, 20-ზე მეტ საერთაშორისო, სახელმწიფო, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციას გააერთიანებს.

თამარის აღდგენილი ფრესკა

ვარძიის უნიკალური ძეგლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმს, სახელწოდებით – „კულტურული ლანდშაფტი, გეოლოგიური მემკვიდრეობა და ბუნებრივი საფრთხეები“, 15 მომხსენებელი ეყოლება. მათ შორის, სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დამსწრე საზოგადოებას ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსსა და ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის არეალში ბოლო წლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ მოუთხრობს.
გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამედროვე მიდგომების საუკეთესო გამოცდილებისა და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გეოლოგიური საფრთხეების კვლევისა და საკონსერვაციო გეგმის თემაზე მსმენელების წინაშე იუნესკოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუდიო მარგოტინი წარდგება, რომლის აქტიური კონსულტაციების საფუზველზეც წარიმართა ვარძიის სტრუქტურული გამაგრების მნიშვნელოვანი პროექტი.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კვლევის მაგალითზე მოხსენებები შეეხება: კლდის მექანიკური მახასიათებლების, სამგანზომილებიანი სტაბილურობისა და კლდის ცვენის მოდელირების, კედლის მხატვრობის კვლევისა და გადაუდებელი კონსერვაციის, კულტურული მემკვიდრეობის ლანდშაფტების მართვისა და ვარძია – ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის სივრცული გეგმარების, ზონირებისა და ინვენტარიზაციის თემებს.
კონფერენციის მომხსენებლები ისაუბრებენ ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებზე. გაიმართება დისკუსია.
ვარძიის არქიტექტურული უნიკალური კომპლექსის გადასარჩენად სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა, რომლის მთელი მიმდინარეობის პროცესი სფეროში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფებისა და ქართული ინსტიტუციების აქტიური თანამშრომლობით წარიმართა. სახელმწიფოს და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის ფონდის, ფონდი „ქართუს“ თანადაფინასებით, მულტიდისციპლანრული კვლევების საფუძველზე შემუშავებული საკონსერვაციო გეგმის მიხედვით განხორციელდა კლდოვანი მასივების სტრუქტურული გამაგრების მნიშვნელოვანი პროექტი; გაიწმინდა და ვიზიტორებისათვის გაიხსნა კლდეში ნაკვეთი კომპლექსის 8-იარუსიანი ახალი უბანი; მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია.
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში წარდგენილ – ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის არეალის განვითარების მიმართულებით, რეგიონალური განვითარების სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა უწყების მიერ ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი ქმედებები. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის არეალისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება; მსოფლიო ბანკის მიერ დაფინასებული რეგიონალური განვითარების მესამე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ჭაჭკარში ისტორიული ტერასული ვაზისა და სოფლის აღორძინების სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კერძო ინციატივა.
ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უამრავი სამუშაოდან ვარძიის კედლის მხატვრობის სრული კვლევითი-დიაგნოსტიკური დოკუმენტაცია მოხდა. ვარძიის ფრესკების კვლევით სამუშაოებში ლონდონის კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია-კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
თუმცა ხანძრის გაჩენის გამო სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებს კედლის მოხატულობაც სხვა მდგომარეობაში დახვდათ. განისაზღვრა ხანძრამდელი მდგომარეობის კედლის მხატვრობის აღდგენის მეთოდი და, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, ეს ერთწლიანი სამუშაო მათ სწორედ იმ ოთხწლიანი კვლევის დოკუმენტმა გაუადვილა.
2016 წლის 31 ოქტომბრის ხანძარმა ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში ჭვარტლის ფენა დატოვა, თამარ მეფის ფრესკა და სხვა ადგილები დაიფარა ჭვარტლით. ჯერ რბილი ფუნჯებით კედლის უნიკალური მხატვრობა გაიწმინდა, შემდეგ ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის ნაწილაკები შემცირდა.
სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა კუპრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცხოელები აღარ არიან ჩართულნი, ადგილზე სამხატვრო აკადემიის ჯგუფი მუშაობს და ვარძიაში სპეციალისტები მუშაობას საკურთხევლის ნაწილში განაგრძობენ, სადაც დაზიანების ხარისხი მძიმეა. თამარ მეფის უკვე გაწმენდილი ვარძიის ღმრთისმშობლოს ტაძარში საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
ასე რომ, გრძელდება პროექტი „ვარძიის ახალი სიცოცხლე“, რაც მუზეუმ-ნაკრძალის მასშტაბურ რეაბილიტაციას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები